29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ვერსიები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სუს-ის გამოძიებას - EMC-ის წარმომადგენელი რასობრივი დისკრიმინაციის მაგალითებზე საუბრობს

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე, დღეს სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უწყება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასებით, ბუნდოვანია სუს-ის განცხადება და აუცილებელია, უწყებამ დეტალურად განმარტოს, თუ ვის წინააღმდეგ არის გამოძიება დაწყებული.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს განცხადება არსებითად მიემართება იმ ულტრაკონსერვატიული ჯგუფების საქმიანობას, რომლებიც, ბოლო პერიოდში, ეთნიკურობის საკითხზე აგრესიულ კამპანიებს აორგანიზებენ. ეს თემა დაიწყო რამდენიმე ხნის წინ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, შემდგომში გაგრძელდა პანდემიის დროს მარნეულის ვითარებაზე და დღეს უკვე მან ახალი ფორმები მიიღო ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ადგილობრივ მეუფეს განცხადებები სინქრონიზებულად გამოიყენეს ულტრაკონსერვატიულმა ჯგუფებმა.

ჩვენ გარკვეული დოკუმენტური მასალებიც გვაქვს, სადაც თანამშრომლობა და კავშირები ეპარქიისა და ამ ჯგუფების, "ქართული მარშის" და სხვების ჩანს. მე რასაც ვაკვირდები, "ქართული მარში," სანდრო ბრეგაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე ობიექტივის წამყვანი, ეს ხალხი ფუგურირებს. როგორც კი მეუფე აკეთებდა განცხადებებს, რამდენიმე წამში ისინი მხარდამჭერ განცხადებებს აორგანიზებდნენ. ცხადია ამ ჯგუფებთან მიმართებით ჩანს გარკვეული კავშირები რუსულ ინტერესებთან," - აღნიშნა მიქელაძემ.

სუს-ი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

კონკრეტულად თუ რა ფაქტებზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე, უწყება ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. სუსში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება მომავალ კვირას.

დღის ამბები