29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
თბილისი და ბათუმი 20 უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმამ თბილისი და ბათუმი ევროპის 20 უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

ევროპის საუკეთესო მიმართულებები მოგზაურებს საქართველოს, საბერძნეთის, ხორვატიის, პორტუგალიის, მონტენეგროს, რუმინეთის, მალტის, პოლონეთის, ავსტრიის, სლოვენიის, ლიეტუვას, ლატვიისა და ფინეთის 20 ტურისტულ ქალაქში მოგზაურობას ურჩევს.

საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოში, სადაც კორონავირუსმა ქვეყანა ყველაზე ნაკლებად დააზარალა. უსწრაფესად მიღებული ზომების შედეგად საქართველოში ვირუსის გავრცელება ძალიან დაბალია. 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა საქართველოში, ვიდრე ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში.

1 ივლისს საერთაშორისო მოგზაურთათვის ქვეყნის გახსნასთან ერთად საქართველოში საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო მოგზაურთა ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის სპეციალური ზომები ტარდება.

ამ კრიზისულმა სიტუაციამ გვაიძულა სამოგზაურო გეგმებს გადავხედოთ, ასეთ დროს თბილისი სწორედ ის ადგილია, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

ეს არის ღია ტურისტული მიმართულება, სადაც ერთმანეთში შერწყმულია წარსული, აწმყო, მომავალი, კულტურა და გართობა. საქართველოს დედაქალაქი ასეთი ტრენდული არასდროს ყოფილა, როგორც 2020 წელს.

ეს არის კულტურის, გასტრონომიის, არქიტექტურისა და მრავალფეროვნების მოყვარულთა იდეალური ტურისტული მიმართულება. მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ კრიმინალის დონის მიხედვით თბილისი პარიზსა და ლონდონზე 5-ჯერ უსაფრთხოა. განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა ბათუმსაც.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ძალიან კარგია იმიჯისთვის.

"საქართველო დასახელდა ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად. უსაფრთხო მიმართულებად აღიარება საქართველოს დიდ შესაძლებლობას აძლევს ტურისტული კუთხით,"- მარიამ ქვრივიშვილი.

დღის ამბები