29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა - საკარანტინო ზონაში 11 ინფიცირებულის 50 კონტაქტია გადაყვანილი 

საქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა.

ინფიცირებულ ოჯახთან პირდაპირ კავშირში მყოფი ორი მეზობელი დღეს ტესტირების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ტესტირება კორპუსში მცხოვრებ პირებს ადგილზე ჩაუტარეს.

სულ ე.წ საბურთალოს კლასტერი 11 ინფიცირებულს ითვლის. ექთნის და მისი ოჯახის 6 წევრის გარდა კოვიდინცირებულია მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. დღეს ეპიდემიოლოგები საბურთალოზე მდებარე კიდევ ერთ კორპუსში მუშაობდნენ. ექთნის ბიძაშვილი იქ ერთ-ერთ ოჯახში ბოლოს 5 დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ახალი კლასტერის პირველწყარო სავარაუდოდ მისი კოლეგა გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაინფიცირებულთა დაახლოებით 13% სწორედ მედიცინის მუშაკია.

ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი ვირუსის ინკუბაციის 2 კვირიან პერიოდში გამოჩნდება. საკარანტინო ზონაში კლასტერში შემავალ პირთა 50 კონტაქტია გადაყვანილი.

დღის ამბები