დონალდ ტრამპსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის, რამდენიმეთვიანი დაპირისპირება საბოლოოდ, ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდა. შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციასთან პარტნიორული ურთიერთობის დასრულების მიზეზად ჯანმოს უმოქმედობა და ჩინეთთან მიკერძოებულობა დაასახელა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ევროკავშირში. გაერთიანებამ ვაშინგტონს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელება მოუწოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ტრამპის გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ორგანიზაციაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა პანდემიის ახალ ეპიცენტრად შტატების შემდეგ, ახალ უკვე სამხრეთ ამერიკა იქცეს. ინფიცირების შემთხვევები დრამატულად იზრდება ბრაზილიაში, რომელიც COVID ინფექციის დადასტურებული შემთხვევებით კორონავირუსის მსოფლიო რუქაზე მეორე ადგილზეა. ბრაზილიის მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ჩილეშიც, ქვეყანამ 90 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევით ჩინეთსაც კი გადაასწრო.
ინფიცირების დინამიკა მაღალია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. მხოლოდ რუსეთი კორონავირუსის მსოფლიო რუქაზე თითქმის 388 ათასი შემთხვევით მესამე ადგილზეა. ამ დრომდე ინფიცირების 162 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი თურქეთში. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 5 ათას აღწევს. რაც შეეხება მეზობელ სომხეთს, ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით იტალიის დონეს მიაღწევს. ქვეყანაში 9 ათასამდე ინფიცირებულია.
პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოები ზომების შემსუბუქებასა და ეკონომიკის გახსნას განაგრძობენ. ერთმანეთთან ტურისტული მოგზაურობის შეზღუდვებს გააუქმებს ნორვეგია და დანია. 15 ივნისიდან 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის საბერძნეთიც. საბერძნეთში ვერ ჩავლენ იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.
კორონავირუსთან ბრძოლის მესამე ფაზაში გადადის პორტუგალია. ქვეყანაში ორშაბათიდან მუშაობას განაახლებს მაღაზიები, საბავშვო ცენტრები, სპორტ-დარბაზები, თეატრები და სხვა კულტურული დაწესებულებები.
მსოფლიოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 3 მილიონს მიაღწია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი - 6 მილიონს გასცდა. ვირუსს ამ დრომდე 368 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.