29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
სახის დამცავი ნიღაბი მგზავრებისთვის - დღეს მოსახლეობა დაწესებული რეგულაციების დაცვას ცდილობდა

სახის დამცავი ნიღაბი მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მგზავრების აუცილებელ ატრიბუტად იქცა. მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებით მუშაობენ, მოსახლეობა კი, მგზავრობას ახალი წესების დაცვით ეჩვევა. ზუსტად 58 დღიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილიდან ქალაქის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ გამოჩნდა.

ეპიდემიოლოგებმა ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხედ კონდიცირება დაასახელეს, ამიტომ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს გადაადგილება ღია ფანჯრებით უწევთ. ამასთან ერთად, მკაცრად იკრძალება მძღოლთან მიახლოება.

მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვა სავალდებულოა გაჩერებებზეც. მეტროში მგზავრთა ნაკადს სადგურების შესასვლელებთან მდგომი პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ. გაჩერებებსა და სადგურებზე სამართალდამცველებთან ერთად წესრიგს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც იცავენ.

მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი რეგულაციების დაცვით მუშაობა მოსახლეობისთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა მგზავრების ნაწილი უკმაყოფილო მაინც დარჩა.

ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვას ცდილობდა.

შეზღუდვების მოხსნისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების პარალელურად, წესები პირველივე დღეს დაირღვა მარნეულის მუნიციპალიტეტში. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის ერთ-ერთი მძღოლი მგზავრების დაკარგვის შიშით, მათ ტრანსპორტში ასვლისას ჯერ პირბადეებს ურიგებს, ჩასვლისას კი, უკან დაბრუნებას სთხოვს.

მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის მიუხედავად, აკრძალვები კვლავ მოქმედებს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. ამ შეზღუდვის მოხსნას ხელისუფლება 8 ივნისისთვის გეგმავს.

 

დღის ამბები