29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
COVID 19-თან ბრძოლაში პლაქვენილს პრეპარატი ლოპინავირ-რიტონავირი ჩაანაცვლებს - რატომ შეცვალა საქართველომ მკურნალობის პროტოკოლი 

საქართველომ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლი შეცვალა. პლაქვენილი სამკურნალოდ აღარ გამოყენება. მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტს შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატი ლოპინავირ - რიტონავირი ჩაანაცვლებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოლიდარობის კვლევაში ჩართული მედიკამენტი აქამდეც აპრობირებული იყო, თუმცა ექიმები მას ვირუსით დაავადებული პაციენტების შემთხევაში იშვიათად იყენებდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევები ჩაატარა, რომლის საფუძველზეც მედიკამენტ პლაქვენილს აქვს გვერდითი მოვლენები. ვიდრე ორგანიზაცია პრეპარატის შესახებ საბოლოო დასკვნებს დადებს, საქართველოსთან ერთად სამმა ქვეყანამ: საფრანგეთმა, იტალიამ და ბელგიამ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მალარიის საწინააღმდეგო წამლის გამოყენება შეაჩერა.

ამ კვლევაში საქართველო ჩართული არ ყოფილა. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებს პლაქვენილის მიღების პარალელურად, რისკების შესაფასებლად სპეციალური კვლევები უტარდებოდათ. არცერთ შემთხვევაში სერიოზული გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა - მათ შორის, არც გულის რიტმის დარღვევები ყოფილა.

აქვთ, თუ არა შეშფოთების საფუძველი იმ პაციენტებს, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ პრეპარატი პლაქვენილი - სპეციალისტები ამბობენ, რომ რისკები გამორიცხულია.

მსოფლიო მეცნიერების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს. პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე არსებული მედიკამენტების ცდის პროცესშია.

სოლიდარობის კვლევაში, რომელშიც საქართველოც არის ჩართული, ლოპინავირ - რიტონავირის გარდა, რემდესივირი და ინტერფერონის გამოყენებაზეც არის საუბარი. ვიდრე მკურნალობის ახალი პროტოკოლი დამტკიცდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს ქვეყნებს, ჯერ არდამტკიცებული ნებისმიერი პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ არ გამოიყენონ.

დღის ამბები