29 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორია როგორც მტრის ხატი კრემლისთვის - რუსეთის ცრუ ბრალდებები და მოთხოვნები, რომელსაც საქართველოს უყენებს

შტურმი ლუგარის ლაბორატორიაზე არ წყდება. რუსეთის საგარეო უწყება ყოველ დღე, ახალ განცხადებას აკეთებს. რუსული პროპაგანდა კი, განაგრძობს საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

მოსკოვი ლუგარში საკუთარი სპეციალისტების შეშვებას საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოითხოვს. პუტინის ხელისუფლებას საქართველოში არსებულ ლაბორატორიაში დაშვება უნდა ყველა დოკუმენტზე, შენობის ყველა ფლიგელზე და თან, კონვენციის მონაწილე ქვეყნების გარეშე. ვიზიტს რუსები ივლისში ან აგვისტოს თვეში განიხილავენ.

რუსეთთან ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა არ იქნება - ასეთია პასუხის პასუხი თბილისიდან. ლავროვის უწყებას დღეს პრემიერის სპეციალურმა წარმოდგენილმა უთხრა, რომ ეჭვების გასაქარწყლებლად ქართული მხარე თანახმაა, რუს სპეციალისტებს უმასპინძლოს, თუმცა ერთი პირობით - ვიზიტი უნდა იყოს საერთაშორისო.

ზურაბ აბაშიძეს ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდა არ უკვირს და არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე გრიგორი კარასინსაც ესაუბროს, როცა შეხვდება.

ოკუპანტ რუსეთს კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება და საქართველოს პროდასავლური კურსი აღიზიანებს - ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ გააქტიურებულ კამპანიას სპეციალისტებმა ასეთი ახსნა მოუძებნეს.

რუსული მხარე რომ ძველი, მაგრამ კარგად ნაცნობი მეთოდებით იბრძვის, ოპოზიციისთვის ახალი არ არის. ამბობენ, რომ პანდემიის გამო რუსეთს ლუგარის ლაბორატორია მტრის ხატის შესაქმნელად სჭირდება, ამიტომაც ქვეყნის შიგნით და გარეთ აძლიერებს პროპაგანდასაც - ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს კრემლის ჩვეულ რიტორიკას პრინციპული პოზიცია დაუპირისპიროს.

ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა - რუსეთიდან სტუმრებს ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ელოდებიან, იმ წესების დაცვით, რასაც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენცია გულისხმობს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ, რომ არა ლუგარის ლაბორატორია, საქართველს ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ, წარმატებული ვერ იქნებოდა.

ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისთვისაც. მათთვის, ვინც ლავროვის უწყების ბრალდებების კიდევ ერთი ადრესტია.

ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიაში ვირუსებთან ერთად, რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ მაშინ შევიდა, როცა ლაბორატორია საქმიანობას იწყებდა. ჩრდილოელ მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ ამერიკულ მხარესთან ერთად საქართველოში სამხედრო-ბიოლოგიური ექსპერიმენტები ტარდება.

დღეს კი, ლუგარის კვლევითი ცენტრი ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მთავარ და მძლავრ იარაღად რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები