ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აქციაზე დაკავებულების საქმეები განიხილა. ნაწილის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისათვის 1000 ლარიანი ჯარიმები გამოიწერა.
2 პირის სასამართლო პროცესი კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო გადაიდო.
გუშინ სამართალდამცავებთან დაპირისპირება ბათუმის ცენტრში მიმდინარე აქციაზე მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც რაც ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის განთავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებმა გზა გადაკეტეს.
პროტესტი 5 მაისს ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა მოაწყვეს. დაკავებულების ოჯახის წევრები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ, მათ დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართავს, თუმცა ჯერ უცნობია დაიცავს თუ არა საია წულუკიძისა და ანთაძის ინტერესებს.
საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, კადრებში ძალოვანი უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ფიგურირებენ, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.