29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
მთავრობა იზრუნებს, რომ სამშენებლო პროექტები დასრულდეს და ადამიანები, როგორც 2008 წლის კრიზისის მერე, ქუჩაში არ დარჩნენ - გიორგი გახარია

მთავრობა "აქსის თაუერსში" დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციას მმართველი გუნდის წევრები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. პრეზენტაციის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება სამშენებლო სექტორის დასახმარებლად აპირებს.

" ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს. გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში ამ კრიზისის პერიოდში.

მთავრობა მიმართავს 150 მლნ ლარს წლის ბოლომდე, რათა დააკონტრაქტოს დევნილებისთვის, დამატებით 1800 ოჯახისთვის 3-ჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დევნილები, დაახლოებით 6,000 ადამიანი 3 წლით ადრე მიღებს ბინას და ეს იქნება პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მისივე თქმით, ასევე იგეგმება 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის შეღავათების დაწესება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2019-2020 წლებში გაფორმებულია 25 ათასი იპოთეკური კონტრაქტი, იმ ბინათმშენებლობის პროექტებზე, რომელიც დასრულებული არ არის.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ციფრი - ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2019 და 2020 წლებში, 25000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ასე ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის და მიძღვნილია დეველოპმენტის და სამშენებლო კომპანიებისთვის. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს, რომ პირველ რიგში დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე დანაზოგები აქვთ და განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ ეს პროექტები დასრულდეს და ეს ადამიანები, ისევე როგორც 2008 წლის კრიზისის მერე, ქუჩაში არ დარჩნენ," - განაცხადა პრემიერმა.  

დღის ამბები