29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
მმართველი გუნდი პრემიერის გამოსვლით კმაყოფილია, ოპოზიციას კი თემებით სპეკულირებაში ადანაშაულებენ

მმართველი გუნდი პრემიერის პარლამენტში გამოსვლით კმაყოფილია. ისინი ოპოზიციის კრიტიკაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი ზოგიერთი შეკითხვა სპეკულაციას ემსახურებოდა და ყველაფრის წაშლას ცდილობდნენ, რაც მთავრობამ პანდემიის პირობებში გააკეთა. 

"პრემიერის დღევანდელი გამოსვლა იყო აკადემიური და საქმიანი. მან ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. თუმცა უმეტესი კითხვები იყო უსაგნო და ძირითადად, პოლიტიკური სპეკულაციის შინაარსით გაჯერებული. ეს კი ემსახურებოდა მხოლოდ ერთ საკითხს, რომ ის პოზიტივი, რომელიც მიღწეული იყო მმართველი გუნდის, საკოორდინაციო საბჭოსა და ექიმების მიერ, რამენაირად წაეშალათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შედეგს ხედავენ და ეს მათთვის საფრთხეა, რადგან მათ საარჩევნო წისქვილზე წყალს არ ასხამს. პირიქით, მათ დაკარგეს რეიტინგი და მთავრობამ აჩვენა, რომ კრიზისების მართვა შეუძლია,"- აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. 

ოპონენტები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც გააკრიტიკა. მისი თქმით, იყო თემები, რომელიც ოპოზიციამ უტრირებულად წარმოაჩინა, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, ეს მათი გუნდისთვის გასაკვირი სულაც არ ყოფილა. 

"დღეს ოპოზიციის მხრიდან არ გახმოვანებულა არცერთი კრიტიკული შენიშვნა კრიზისულ მენეჯმენტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სხვა თემები იყო, მათი ნაწილი კი უტრირებულიც, რაც მათგან არ გვიკვირს. მეორე მხრივ კი, როგორც მათ სჩვევიათ და რისი ნიჭიც აქვთ, გამოიგონებენ პრობლემას, შემდეგ გაბრაზდებიან და ასე მიაწოდებენ საზოგადოებას თავის პოზიციას,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები