29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
"პასუხგაუცემელი კითხვები, ეკონომიკური ხედვა - ნული" - ოპოზიციამ პრემიერის ანგარიში გააკრიტიკა

უკვე 9 საათია, გიორგი გახარია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. მთავრობის მეთაური ანგარიშს დეპუტატებს საკუთარი ინიციატივით აბარებს.

სოციალური დახმარებები, საპენსიო ფონდი, საგანგებო მდგომარეობა და ჯარიმები, 8 მარტის შეთანხმება - ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია იმ თემებიდან, რომლებზეც მსჯელობა პარლამენტში დღის 12 საათიდან მიმდინარეობდა. პრემიერის მოხსენებასთან და პასუხებთან დაკავშირებით კი, უკვე გაკეთდა პირველი შეფასებებიც. ოპოზიცია პრემიერის გამოსვლით უკმაყოფილოა. მათი თქმით, გიორგი გახარიამ მხოლოდ ცარიელი სიტყვები თქვა, რეალურად კი ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა.

"გავიგეთ ერთი რამ, რომ რასაც პრემიერი ხალხს დაჰპირდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლიტონი სიტყვებია და მეტი არაფერი. არ არის ბიუჯეტი, დღემდე ერთი თეთრიც კი არ დარიგებულა არავისთვის. არაფერი არ გაკეთებულა გარდა კომუნალურ გადასახადებზე გარკვეული შეღავათების დაწესებისა. ეკონომიკური ხედვა კი ნულია,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ. 

ხელისუფლების ოპონენტებმა გიორგი გახარიას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა დაუწუნეს და მეტიც, მათი თქმით, პრემიერმა ბევრი მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. 

"ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს დაძლეული ეკონომიკური კრიზისი, მას არ წარმოუდგენია და ამასთან, ბევრ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვაზეც არ გაუცია პასუხი. ჩვენ ამას არც მოველოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ მთავრობის ხელში კრიზისის დაძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ სურვილიც არ აქვთ სხვებს მოუსმინონ, მაგალითად ისეთ საკითხზე, როგორიცაა ჯარიმების ჩამოწერა,"- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ. 

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე კი აცხადებს, რომ მთავრობა მოქალაქეების მოლოდინებს არ ამართლებს და ისინი რეალობიდან ამოვარდნილები არიან. 

"დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობა, პირობითად, 1 დღით უკან არის მოვლენებზე და უბრალოდ, ახდენს აღწერას იმისას, თუ რა ხდება ქვეყანაში. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას და მოსახლეობას აჩვენოს გზა, საით უნდა წავიდეს ქვეყანა ამ რთულ ვითარებაში, ვისმენთ, რომ "რა საჭიროა ეკონომიკური გეგმა, ასე ადვილი კი არ არის ამ ყველაფრის გაკეთება". საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამოვარდნილია იმ რეალობისა და მოლოდინებისადმი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს დღეს ქვეყანაში აქვს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე. 

დღის ამბები