29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ორშაბათიდან საქართველოში ტანსაცმლის მაღაზიები იხსნება - რა წესების დაცვა მოგიწევთ შოპინგზე წასვლის შემთხვევაში

ზუსტად 77-დღიანი პაუზის შემდეგ საქართველოში სავაჭრო ცენტრები, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები იხსნება. ამ სფეროს გახსნა ყველაზე გვიან ეტაპად, ივნისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, მაგრამ გადაწყვეტილების თაობაზე პრემიერმა დღეს განაცხადა, რომელსაც თან ახლავს რეკომენდაციებიც.

მოლის შესასვლელში განთავსდება დეზობარიერი და თერმოკამერა, ტემპერატურის გასაზომად. აუცილებელია, სამედიცინო ნიღბის ტარება. სავალდებულოა, დისტანცია და საერთო სივრცეში ხუთ კვადრატზე მხოლოდ ერთი მომხმარებლის დაშვება. მაღაზიას შესასვლელთან ექნება რიგის სტიკერი მოწყობილი, იმ შემთხვევაში, თუ შიგნით ბევრი ადამიანია, სხვა მომხმარებლები გარეთ დაელოდებიან.

შოპინგი გასინჯვის გარეშე - ასეთია იმ საერთაშორისო ბრენდების გადაწყვეტილება, რომლებიც საქართველოშიც ოპერირებენ. გარდა საქართაველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებისა, მათ ვირუსის პრევენციისთვის საკუთარი შეზღუდვებიც აქვთ. მაღაზიების ნაწილში მომხმარებლებს გასახდელები აღარ დახვდებათ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, სამოსი სახლში წაიღონ და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოირგებენ, უკან დააბრუნონ, ან გაცვალონ. დაბრუნებულ ნივთს კი, შესაბამისად დაამუშავებენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარბაზში აღარ განათავსებენ.

მომხმარებლები გაზომვას შეძლებენ სამოსის, რომელიც დამზადებულია საქართველოში. მყიდველის კომფორტისთვის ქართველმა დიზაინერებმა ტანსაცმლის გასახდელიდან გამოტანისთანავე ორთქლით დამუშავება მოიფიქრეს.

გასახდელებს არ გააუქმებენ არც ბუტიკებში. ამბობენ, რომ ონლაინ გაყიდვების შემდეგ მომხმარებლისთვის ყველაზე დიდი კომფორტი სწორედ სამოსის გასინჯვა და ადგილზე შერჩევაა, ამიტომ გაითვალისწინებენ მხოლოდ მთავრობის რეკომენდაციებს.

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები საქართველოს მასშტაბით ორშაბათიდან გაიხსნება. ნელ-ნელა ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველა სახის მომსახურეობა. მაგრამ, ძველი ცხოვრებისგან განსხვავებით, ადამიანებმა უნდა მუდმივად იქონიონ პირბადე, ხელთათმანი და სანტაიზერი.

დღის ამბები