29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
2 დღეში მუნიციპალური ტრანსპორტი და სხვადასხვა ობიექტი ამუშავდება - რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს

2 დღეში, 29 მაისს, ყველა ტიპის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. კონტროლირებადი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად რესტორნები, მოლები და სასტუმროებიც გაიხსნება. ქვეყანა კრიზისული ეკონომიკის ამოქმედების ახალ ეტაპზე გადადის.

მუნიციპალური ტრანსპორტითა და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების მსურველებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ. პირბადე მეტროსა და ავტობუსებში მგზავრის აუცილებელი ატრიბუტი ხდება. გადაადგილების დროს სატრანსპორტო საშუალებაში დაუშვებელია კონდიციონერის ჩართვა. ტრანსპორტირების დროს ფანჯრების გახსნა სავალდებულოა. იკრძალება სამარშუტო ტაქსებში მგზავრების ფეხზე დგომაც. წესების დაცვასა და კონტროლს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფენ.

მეტროსა და საქალაქო ტრანსპორტის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ელოდებიან მოქალაქეები. დედაქალაქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს.

8 ივნისიდან ფუნქციონირებას განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. მგზავრებს, ამ შემთხვევაშიც, პირბადეების ტარება მოუწევთ. ჯერ უცნობია, იქნება თუ არა აკრძალვა მგზავრთა რაოდენობაზე. საქართველოს რეგიონების მოსახლეობა გადაწყვეტილებას დროულს უწოდებს. სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები იმედს იტოვებენ, რომ მგზავრობის ტარიფები არ შეიცვლება.

პირველიდან რვა ივნისამდე ეტაპობრივად გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები. დაშორებული მაგიდები, სავალდებულო დეზინფექცია, ნომრებისა და სველი წერტილების მუდმივი დამუშავება - ეს მომსახურების სფეროსთვის დაწესებული მთავარი მოთხოვნებია. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კრიზისის გამო ბაზარზე ოპერირებას 30 %-ით ნაკლები ობიექტი დაიწყებს. საბიუჯეტო ფინანსური სტიმულირების ნაბიჯების დაგვიანების შემთხვევაში კი სექტემბრიდან, შესაძლოა, ეს რიცხვი 50 %-მდე გაიზარდოს.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ექვს ეტაპად უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, სტაბილური ეპიდსიტუაციის გამო, ქვეყნის დროებით დაპაუზებული ეკონომიკის ამუშავება დაჩქარებულად 8 ივნისიდან თითქმის სრულად დაიწყება.

დღის ამბები