29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
რუსეთის მორიგი შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე - ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება აშშ-ს კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში არსებულ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ლაბორატორიის საქმიანობაზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ოკუპანტი ქვეყანა ისევ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობა მიმდინარეობს. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი მათი მოთხოვნის მიუხედავად, აშშ ლაბორატორიაში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით მათ ინფორმაციას არ აწვდის.

"რუსეთის ოფიციალური პირები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ იმაზე, რომ ლუგარის სახელობის ცენტრის მუშაობა სერიოზულ კითხვებს იწვევს აშშ-ის მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ აღინიშნა, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდებოდა კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიში ბიოლოგიური აგენტების და ინფექციების გამომწვევების გადამტანებზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო საფრენი აპარატი დაინფიცირებული კოღოების ჰაერში გავრცელებისთვის. ამასთან გაცემულია პატენტი ტოქსიკური ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით აღჭურვილი საბრძოლო მასალაზე. ცხადია, რომ ასეთი "გამოგონებები" ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის სულისკვეთებასაც და წესდებასაც.

რაც შეეხება ლუგარის ცენტრის "მრავალჯერად ინსპექციას" ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 2018 წლის 14-15 ნოემბერს უცხოელი ექსპერტების ჯგუფის ვიზიტის შესახებ, რომელთა გაცხადებული მიზანი იყო "ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ნდობის გაზრდა". არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ღონისძიება აშკარად ისახავდა მიზნად საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ამ ობიექტის ნამდვილ სტატუსთან დაკავშირებით. პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული ცენტრის საფუძვლიანი გადამოწმება, რაც შესაძლებელს გახდიდა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის შესაბამისობასთან დაკავშირებით არსებული ვითარებაზე ობიექტურ მსჯელობას," - ნათქვამია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ექსპერტების სახელით გავრცელებული ანგარიში აშშ-სთვის ხელსაყრელ შეფასებებს შეიცავდა და ამასთან მოხსენების ქვეშ არ იყო არავის ხელმოწერა. როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ამის მიზანი იყო ამ ვიზიტის ნამდვილ დამკვეთსა და ორგანიზატორზე - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე პასუხისმგებლობის აცილება.

"კიდევ ერთხელ გვიწევს ვაშინგტონის ფარისევლური პოზიციის კონსტანტირება, რომელიც ფორმალურად ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის მხარდამჭერია, მაგრამ ამასთან 2 ათეული წელია  აგრძელებს შემოწმების ეფექტური მექანიზმის იურიდიულად სავალდებულო პროტოკოლის მიღების დაბლოკვას. გაურკვეველია, რა უშლის ხელს აშშ-ს დათანხმდეს პროტოკოლით შემოთავაზებულ გადამოწმებაზე, თუ როგორც ის ირწმუნება, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგო არანაირ საქმიანობას არ აწარმოებს. მით უმეტეს, ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გადამოწმება სახელდება, როგორც იარაღის კონტროლის ნებისმიერი ეფექტური ხელშეკრულების ძირითადი ელემენტი," - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ვერ ხერხდება რუსი სპეციალისტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში და ქართული მხარე ჯერჯერობით ობიექტურად არ გამოხმაურებია რუსეთის 2019 წლის ივნისის ნოტას, თხოვნით, რომ მიაწოდოს აუცილებელი ახსნა შესაძლო ვიზიტის მოდალობის შესახებ. ამასთან რუსეთის საგარეო უწყება მოითხოვს, რომ რუს ექსპერტებს ლაბორატორიის ყველა შენობაში ქონდეთ დაშვება გარანტირებული, რაც მათი თქმით, რეალურ გადამოწმებას უზრუნველყოფს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე (გარდა ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის თანამშრომლებისა), ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეს საშუალებას მოგვცემს ყურადღება სიტუაციის მშვიდ, ექსპერტულ ანალიზზე გამახვილდეს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ვაშინგტონთან და თბილისთან, რათა ჩვენს კითხვებზე გასაგები პასუხები მივიღოთ," - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები