29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
არსებობს სტერეოტიპები, რომელშიც ვცდლობთ მოვაქციოთ ადამიანები - ფსიქიატრის თქმით, ძალადობა ეხება არა მარტო ქალებს, არამედ კაცებსაც

ფსიქიატრმა ნინო ოკრიბელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ოჯახური ძალადობის ფენომენზე ისაუბრა. მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი საკუთარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. 

"განსაკუთრებით რთულია, როდესაც ძალადობა უკავშირდება ოჯახს. როდესაც უცხო ადამიანი შენზე ძალადობს, ამ შემთხვევაში სტერეოტიპები არ გერღვევა, მაგრამ როდესაც საუბარია ოჯახურ ძალადობაზე, ეს განსაკუთრებული ფენომენია.

როდესაც მე ვაწყდები კონკრეტული ძალადობის პრობლემას, ვცდილობ გავიგო მოძალადის პრობლემა რა არის და მსხვერპლის პრობლემა რა. იმის ნიველირება, რომ აღზრდის ფენომენი ფიგურირებს და არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, რომლებშიც ჩვენ ვცდილობთ, რომ ყალიბები შევქმნათ და მოვაქციოთ ადამიანები, რომ მაგალითად, ბიჭი უნდა იყოს ასეთი... რატომ არ შეიძლება რომ, მაგალითად, ვაჟმა შეასრულოს სტერეოტიპულად ქალის საქმე, როგორიცაა, თუნდაც, მიეხმაროს მეუღლეს შვილის გასეირნებაში, სიტყვაზე ვამბობ. ამიტომ, მე მგონია, რომ ახალგაზრდა თაობაში ეს სტერეოტიპები, გარკვეულწილად დარღვეულია და ასეთი მკაცრი ჩარჩოები თანდათან ირღვევა.

მაგრამ, რა ვუყოთ, ზოგადად, ძალადობის კონტექსტს - ძალადობის კონტექსტი არ შეიძლება იყოს განხილული მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიატრიულ ან ფსიქოლოგიურ კონტექსტში. ზოგადად, არსებობს ძალადობის 5 ტიპი. დღეს ფსიქიკური და ემოციური ძალადობა ერთმანეთისგანაა დიფერენცირებული და, პრაქტიკულად, გვაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური, სექსუალური და ფინანსური ძალადობა. 

ეს შემთხვევა იმიტომ გახდა საუბრის წყარო, რომ ეხება ცნობილ ოჯახს და ადამიანებს. პრობლემა არსებობს და ის ეხება არამარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც. მართალია მცირე პროცენტია მამაკაცებზე, დაახლოებით, 7%, მაგრამ, ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში მამაკაცი ხშირად არ ჩივის ძალადობაზე, იმიტომ, რომ ეს ზუსტად იმ სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს. იმიტომ, რომ მისთვის სუსტ ამპლუაში წარმოდგენა არ შეიძლება და ის, ამაზე არ საუბრობს. 

ძალადობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ არის ის, რომ ადამიანებმა თავიანთი უფლებები იცოდნენ, რომ ადამიანებმა თავის დაცვა იცოდნენ. განათლება უკავშირდება განათლებას ოჯახიდან და არა მხოლოდ გარესამყაროდან და უფლებადამცველიდან,"-განაცხადა ფსიქიატრმა.

დღის ამბები