29 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ოჯახში ძალადობა არის პრობლემა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ - პრემიერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში

დგამს თუ არა საკმარის ნაბიჯებს სახელმწიფო ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

აქიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის ფაქტებზე იყოს მკაცრი რეაგირება და ამის პარალელურად, მუშაობა აქტიური უნდა იყოს პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.

"სახელმწიფოში არსებობს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი საბჭო, საბჭოს მუშაობის მიზანი არის სწორედ ეს, რომ ერთის მხრივ მოახდინოს კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის, რომ რაც შეიძლება თანმიმდევრულად, განგრძობადად ვიმუშაოთ ისეთ პრობლემაზე, როგორიც არის ოჯახში ძალადობა. ეს არის პრობლემა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ, ერთი შენელებული ნაბიჯიც კი უკან გადადგმული ნაბიჯის ტოლფასია.

საბჭო მუშაობს იმაზე, რომ გარდა კონკრეტულად ძალადობის ფაქტების გამოვლენისა, ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ქალების ეკონომიკური გაძლიერება, განათლების სისტემაში ამ საკითხების ასახვა, რომ ადრეული ასაკიდანვე მოხდეს ცნობიერების სწორად ჩამოყალიბება ძალადობასთან მიმართებაში,"- განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

მისი თქმით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამ მხრივ საზოგადოებაშიც არის პროგრესი და საზოგადოების უფრო მეტი წევრია მზად ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთოს. 

დღის ამბები