29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა თუ საბჭოთა სიმბოლიკასთან ბრძოლა - რა ბედი ელის მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით აზრს არ იცვლის. ეპისკოპოსმა მარნეულის მერს ტელევიზიითაც მიმართა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ყვება, რომ ის შუღლის გაღვივებას არ ცდილობს და ნარიმანოვის ეთნიკურობას არანაირი კავშირი არ აქვს ძეგლის აღების მოთხოვნასთან. ეპისკოპოსი ამბობს, რომ აუცილებელია, ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შესაბამისმა პირებმა ნარიმანოვის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

ეპისკოპოსი გიორგი მერს თავისუფლების ქარტიას ახსენებს, რომლის მიხედვით, ქვეყaნაში საბჭოთა სიმბოლიკა იკრძალება. ასევე, მიუღებელია საკულტო ნაგებობები და ძეგლები. სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა მას ცილი დასწამეს, რადგან ის ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის ურთიერთობის გაფუჭებას არ ცდილობს და მხოლოდ კანონის დაცვა უნდა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს კარგად იცნობს. ორგანიზაციის იურისტი ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებულ კვლევაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურული დომინაციის ნიშნები გამოჩნდა, რასაც სასულიერო პირის მხრიდან ბოლო ქადაგება მოწმობს.

მარნეულის მერი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა დილემის წინაშე საკვირაო ქადაგების დროს დააყენა და მას ძეგლის აღება მოსთხოვა. გადაწყვეტილების მისაღებად, მისი თქმით, გონივრული ვადა მისცა. მერი მეორე დღეა პრესასთან არ გამოჩენილა. ზაურ დარგალი დღეს არც კულტურის ცენტრთან მივიდა, სადაც დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა. მისი მოადგილე "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ეპისკოპოსის ინიციატივა მერიაში არ განხილულა

"მარნეული ტვ"-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა შალვა შუბლაძემ ორი წლის წინ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმზე იმუშავა, სადაც, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ქმედებებზე და მათ როლზეა საუბარი. ერთი-ერთი ასეთი ეპიზოდი კი ნარიმან ნარიმანოვის შესახებაც მოგვითხრობს. ფილმის ავტორი ამბობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის ინფორმაციის სწორად და ფაქიზად მიწოდებაა აუცილებელი.

მარნეულის მოსახლების აზრი ორად იყოფა, ნაწილი ამბობს რომ ნარიმანოვის ძეგლი ადგილზე უნდა დარჩეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ძეგლი საბჭოთა სიმბოლიკის ნაწილია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს.

სანამ ნარიმან ნარიმანოვი კომუნისტი გახდებოდა და აზერბაიჯანში გაემგზავრებოდა, ის პედაგოგი იყო და მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ასწავლიდა. მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებული ძეგლის გარდა, სოფელ ყიზილაჯლოს სკოლაში ნარიმანოვის ბიუსტიც დგას.

დღის ამბები