29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ღამის კლუბებმა, შესაძლოა, ღია სივრცეებში გადაინაცვლოს - გადარჩება თუ არა კლუბური ცხოვრება საქართველოში

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 15 მარტის შემდეგ სტუმარი არცერთ ღამის კლუბს და ბარს არ ჰყოლია. ობიექტების თანამშრომლები შემოსავლის, ღამის ცხოვრების მოყვარულები კი - გართობის გარეშე დარჩნენ. კლუბურ ცხოვრებას, რომელიც ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენს, სფეროს წარმომადგენლების მტკიცებით, არც ისე პოზიტიური მომავალი აქვს. ამიტომ, გადარჩენის გეგმა თავად დასახეს და მას მთავრობას სთავაზობენ.

საგადასახადო შეღავათები, შეღავათიანი კრედიტები, მოიჯარეებთან შუამდგომლობა და ყველა ის შეთავაზება, რაც ტურიზმის სფეროსთვის კეთდება, ფიქრობენ, რომ ხელმისაწვდომი მათთვისაც უნდა იყოს. სფეროს გაცოცხლებისთვის კი, მანამ, სანამ დახურული სივრცეები გაიხსნება, მუნიციპალური სარეკრეაციო ზონების დათმობას ითხოვენ. "გადარჩენის პარკი", ასე გქვია გეგმას, რომლის მიხედვითაც ობიექტები ღონისძიებებს დაგეგმავენ და ამით გარდა გართობისა, მათთან დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო ადგილებსაც გადაარჩენენ.

მოთხოვნები გადაუგზავნეს სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიასაც. კლუბებისა და ბარების წარმომადგენელები ამბობენ, რომ რეაგირება ჯერჯერობით, არ მოჰყოლია. უწყებებში კი ირწმუნებიან, რომ ჩაატარეს კვლევა და მიმდინარეობს მუშაობა სფეროს გასაცოცხლებლად.

გადაინაცვლებს თუ არა დახურული სივრციდან ღია სივრცეში ღამის ცხოვრება და შედგება თუ არა პროექტი "გადარჩენის პარკი", ჯერ უცნობია.

დღის ამბები