სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცის საქმეზე, რომელიც გურჯაანის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მის სახლში მცხოვრები ადამიანები უკვე რამდენიმე თვეა, რაც საჯაროდ კამერებთან აღარ ჩნდებიან. ეს მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრი მამაკაცი საკუთარი არასრულწლოვანი ნათესავის გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულეს. ამ საქმეში დაზარალებულია 6 წლის გოგონა,რომელიც ძალადობის სცენას ვრცლად, გამომძიებელთან ყვება. ამავე ჩვენებაში პირველად ჩნდება ძალადობის გარდა, სიცოცხლის მოსპობის მუქარაც.
დაზარალებული ბავშვის ამ პირდაპირი ჩვენების მიუხედავად, მოსამართლემ მაინც ჩათვალა, რომ 60 წლამდე მამაკაცი უდანაშაულოა. სასამართლოსთვის არასაკმარისი აღმოჩნდა პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულისთვის მძიმე დანაშაული დაემტკიცებინა. ეს გახდა საფუძველი მსხვერპლის ოჯახისთვის, რომ სავარაუდო მოძალადეს პასუხი საკუთარი ძალებით აგებინოს.
მძიმე ამბავს სულ სამი მთავარი მონაწილე ჰყავს. დაზარალებულისა და სავარაუდო მოძალადის გარდა, ფაქტს შეესწრო, დანაშაულში მხილებული მამაკაცის შვილიშვილიც. ისიც ზუსტად იმეორებს იმას, რასაც გამოძიებასთან დაზარალებული ყვება. მან დაინახა, როგორ ცდილობდა 6 წლის ბავშვი მისი პაპისგან თავის დაღწევას.
ამ ორი მოზარდის ვერსია მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა არამყარ მტკიცებულებად მიიჩნია. მიზეზად დაასახელა, რომ 10 წელს მიუღწეველ ბავშვებს ვერ დაეყრდნობა და 58 წლის მამაკაცს მძიმე ამბის დამნაშავედ ვერ გამოაცხადებს. საქმეს, რომელიც პროკურატურამ პირველ ეტაპზე წააგო, საგამოძიებო უწყება სხვა ინსტანციაში გაასაჩივრებს.
პედოფილიის საქმეების გამოძიების პრაქტიკამ უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ რთულია დაზარალებულის გარდა სხვა მყარი მტკიცებულების მოპოვება. ამას მოწმობს ისიც, რომ სოფელში, სადაც მძიმე ამბავი მოხდა, საუბარს ყველა ერიდება.
გახმაურებულ საქმეში ორგანიზაცია "საფარიც" ჩაერთო. იურისტები ეჭვობენ, რომ სასმართლომ ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაკაცი, რომელსაც 6 წლის ბავშვი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, თავისუფალი არ იქნებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა 6 წლის ბავშვი, რომელიც მსხვერპლია, მასზე სავარაუდო მოძალადესთან ახლოს და ერთ სოფელში ცხოვრობს. წინ კი საბოლოო გადაწყვეტილებაა და გასარკვევია- სხვა მსაჯულისთვის იქნება თუ არა მყარი ის მძიმე დეტალები, რომლითაც ბავშვი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ჯერ კიდევ იბრძვის.