29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
20 ივნისის ღამეს დაშავებული მედიის 38 წარმომადგენელი - ჟურნალისტები დაზარალებულის სტატუსს დღემდე ელოდებიან

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ოპერატორი, თითქმის ერთი წლის წინ, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს დღეს საკანონდებლო ორგანოში იხსენებს.

დღე, რომელიც "კურიერის" ოპერატორისთვის ჩვეულებრივი სამუშაო განრიგით დაიწყო, რეზინის 6 ტყვიით საავა​დმყოფოში დასრულდა. ჭრილობა გულმკერდის, სახისა და ყელის არეში მაშინ მიიღო, როდესაც მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებას აშუქებდა. მასთან ერთად იმ ღამეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის 38 წარმომადგენელი დაშავდა.

20 ივნისის ღამეს პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა გიორგი დიასამიძეც. ყვება, რომ ფეისბუქლაივში ყოფნისას, ერთ-ერთ დაძაბულ მომენტში, ფეხებთან ცრემლსადენი გაზის რამდენიმე კაფსულა აუფეთქდა. იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც აფეთქების გამო მხედველობა შეეზღუდა, სპეცრაზმის თანამშრომელი დაეხმარა და პარლამენტის შიდა ეზოში გადაიყვანა. ლაივჩართვა მოვლენების ეპიცენტრიდან არც ამ მომენტში შეუწყვეტია.

დიასამიძეც და მელიქიძეც ამ დრომდე უსტატუსო დაზარალებულები არიან. პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. პროკურატურა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იმას ასახელებს, რომ სტატუსის მოთხოვნისას დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგები ცნობილი არ იყო. უარი საიამ სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ორგანიზაცია დაზარალებული პირებისთვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მოსაპოვებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წასვლასაც არ გამორიცხავს.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის მეორე უარი პოლიტიკური კრიტიკის საფუძველი გახდა. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის საგამოძიებო უწყების ეს გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან ორმაგი სტანდარტი და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სამართლიან გადაწყვეტილებას სასამართლოსგან ელოდება. სოფიო კილაძის თქმით, გადაწყვეტილების მიმღები თავად რომ ყოფილიყო, 20 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებდა.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე განმეორებითი უარის შესახებ დამატებითი განმარტება პროკურატურაში დღეს არ გაკეთდა. 20-21 ივნისის ღამის მოვლენების დროს დაშავებული პირების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები