29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
14 დღიანი კარანტინის შემდეგ უკრაინიდან გამოძახებულ ელჩთან პირველი კონტაქტი შედგა - დახურულ კარს მიღმა შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა

უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძისთვის ცნობილია, რომ მისი ჩამოსვლის მიზეზი თბილისში ყველამ კარგად იცის.

საქართველოს მიერ ძებნილი და უკრაინის მიერ დაწინაურებული მიხეილ სააკაშვილის კარიერამ კითხვები გააჩინა თავად დიპლომატის კარიერის მიმართ, რომელიც ახლა საგარეო უწყების განკარგულების მოლოდინშია. ახლადშექმნილ რეალობაში უკრაინასთან ურთიერთობის ტაქტიკას სამინისტრო უკვე მომდევნო დღეებში, კონსულტაციებზე დაგეგმავს.

დახურულ კარს მიღმა კულუარული დიპლომატია 3 საათს გაგრძელდა, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ ელჩის კიევში დაბრუნების თარიღს ის განსაზღვრავს, თუ რა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს კიევი.

ახლა თბილისი დაკვირვებას იწყებს. ამის მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საგარეო უწყება არ გეგმავს.

პარლამენტარებისთვის ყველაფრის მიზეზი ერთის მხრივ ხელისუფლების წინდაუხედავი და ფიცხი ნაბიჯებია, მეორეს მხრივ კი ის გულგრილი დამოკიდებულება, რაც პარტნიორთან "ქართულმა ოცნებამ" გამოიჩინა.

მმართველ გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ ელჩის გამოძახება იყო კიდეც გარკვეული დიპლომატიურ-პოლიტიკური დემარში, რაც მათთვის უსიამოვნო გარემოებებმა განაპირობა, როდესაც ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, მთავრობის პოზიციების იგნორირებით კიევმა ქვეყნის მთავარ რეფორმატორად დანიშნა. მმართველ გუნდში ყველა ხაზს უსვამს, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს და მას ორმხრივზე უფრო მნიშვნელოვანი განზომილებები აქვს. "ოცნებისთვის" თბილისის ნაბიჯები ელემენტარული თავმოყვარეობა იყო.

ვიდრე თბილისი და კიევი დიპლომატიური ურთიერთობის ამ სტადიაში აღმოჩნდნენ, რუსეთი სტრატეგიას არ ცვლის და აგრესიას ორივე მეზობლის წინააღმდეგ განაგრძობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თბილისში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ განმტკიცებაზე აკეთებენ აქცენტს და აღნიშნავენ, რომ ვერანაირი უხერხულობა გეოპოლიტიკურ სტრატეგიებს ხელი ვერ შეუშალოს.

დღის ამბები