29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას - საგარეო უწყების პრესსპიკერი

უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დასრულდა. საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე.

მარი ნარჩემაშვილის თქმით, ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გულისხმობს.

"უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა. ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს.

ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. რა თქმა უნდა, არ იგეგმება უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობის გადახედვა. ქართული მხარე დააკვირდება უკრაინაში პროცესების განვითარებას, მათ შორის იმას, თუ რა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების თვალსაზრისით და ამის შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. 

დღის ამბები