29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
გაჩერებული ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტები - მოქალაქეები შეზღუდვების მოხსნას ელოდებიან

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მოსახლეობა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ელოდება. მოქალაქეების დიდ ნაწილს საკუთარი მანქანით ან ტაქსით გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქში არსებული ეპიდსიტუაცია მხოლოდ ავტობუსების მოძრაობა აღდგენის საშუალებას იძლევა.

იმუნოლოგების ნაწილი გარკვეული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ტრასპორტის რაოდენობის გაზრდა, კონტროლიორების დამატება, ხშირი დეზინფექცია, მგზავრების ჭადრაკისებური განლაგება და პირბადის გამოყენება. თუმცა, მოხსნილი რეგულაციების ფონზე წონასწორობის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შეფასებით, საქართველოში ახლა ყველაზე მშვიდი სიტუაციაა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასა და ჩაკეტილი ობიექტების გახსნაში საფრთხეს ვერ ხედავს. მაია ბუწაშვილის თქმით, ეპიდსიტუაცია შესაძლოა მარტო საზღვრების გახსნამ შეცვალოს, რადგან ტურისტების კონტროლი უფრო რთულია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა ჯერ არ იგეგემება. ბიზნესომბუდსმენი ვირუსის გავრცელების საფრთხეებს ხედავს. მაღაზიის ხელმძღვანელები კი ამბობენ, რომ მზად არიან მუშაობა განაახლონ და მთავრობისგან დამტკიცებულ რეგულაციებს ელოდებიან.

ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობისთვის დამატებითი რეგულაციების მოხსნის ნებართვის გაცემას არ ჩქარობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, უკვე გაუქმებული კომენდანტის საათის შედეგებს 2 კვირაში ელოდებიან. ამ შედეგების ანალიზზეა დამოკიდებული, დაჩქარდება თუ შერბილდება შეზღუდვების მოხსნა.

საწყისი გეგმის მიხედვით, დიდი სავაჭრო ცენტრები, სპორტულ-გასართობი ადგილები, რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15 ივლისს უნდა გაიხსნას. თუმცა, ეს თარიღი საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი შეცვლა შესაძლებელია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომპანიასთან, მუშავდება რეგულაციები, მათ შორის, დაწესდება მგზავრების ლიმიტი და პირბადის გამოყენებაც სავალდებულო იქნება.

 

დღის ამბები