29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
პანკისში ორ დაპირისპირებულ ოჯახს შორის შერიგება დღეს არ შედგა - საქმე გასული წლის ნოემბერში მომხდარ მკვლელობას ეხება

პანკისში, სოფელ ჯოყოლოში მუთოშვილების სახლთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. მუსლიმების რელიგიურ დღესასწაულზე, რამადანის დასრულების შემდეგ, მოკლულის და ბრალდებული ქავთარაშვილების ოჯახების შერიგების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. რელიგიური დღესასწაულის ტრადიციების მიუხედავად, 37 წლის მოკლული ვისური ქავთარაშვილის ოჯახმა შერიგებაზე უარი თქვა.

პანკისის ხეობაში მკვლელობა გასული წლის ნოემბერში მოხდა.

მოკლულის და ბრალდებულის გვარების შერიგებაზე გამართული მოლაპარაკება დღეს პირველი არ იყო. მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების შერიგება ჯერ კიდევ იანვარში, ჩეჩნეთიდან ჩამოსულმა რელიგიურმა ავტორიტეტებმაც სცადეს, თუმცა მცდელობა მაშინაც უშედეგოდ დასრულდა.

შერიგების პროცესში ადგილობრივები, უხუცესები, თბილისიდან ჩასული სპორტსმენები და ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი მონაწილეობდნენ. ადგილობრივების თქმით, შერიგების მიზანი ხეობაში ახალი დაპირისპირების თავიდან აცილებაა.

პანკისში, სოფელ საკობიანოსთან მკვლელობა გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. სისხლიან დაპირისპირებაზე პანკისის ხეობაში მაშინ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი გვარებს შორის დაპირისპირება იყო. მკვლელობაში ბრალდებული არბი ქავთარაშვილის და მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული რამაზ მარგოშვილის სასამართლო პროცესები, თელავის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები