29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
შიდა კრიზისების დროს რუსეთი უფრო აგრესიული ხდება, თუმცა პრეზიდენტის ადგილზე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი - ექსპერტები "ფაინენშენელ თაიმსის" სტატიაზე

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრიზისს რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია, – ამ სათაურით სტატიას "ფაინენშენელ თაიმსი" აქვეყნებს. "სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შიდა პრობლემები რუსეთში, როგორც წესი, იწვევს საგარეო აგრესიას და არა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვას, ან თანამშრომლობას"- ნათქვამია გავლენიანი ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

საქართველოს პრეზიდენტის ვარაუდს ექსპერტების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

უსაფრთხოების ექსპერტები განცხადების პათოსს იზიარებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოსაზრებების გამოხატვა ანალიტიკოსების საქმეა და პრეზიდენტის მსგავს ქმედებას შესაძლოა სხვადასხვაგვარი საფრთხეც მოჰყვეს.

როგორც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია და მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

"ისტორია გვაჩვენებს, რომ შიდა კრიზისების დროს რუსეთი უფრო აგრესიული ხდება. თუმცა პრეზიდენტის ადგილზე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი. მისმა ამ განცხადებებმა შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს. შესაძლოა კრემლი არც არაფერს აპირებდეს,"- განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ პრეზიდენტი მსგავსი განცხადების გაკეთების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.

"კარგია, რომ დასავლეთს ახსენებს რუსულ აგრესიას. საინტერესოა ეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებაა თუ მთავრობისაც. ერთმნიშვნელოვნად ეს არის ექსპერტის გასარჩევი საკითხი და არა სალომე ზურაბიშვილის,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთს შიდა კრიზისების დროს საგარეო აგრესია ნამდვილად ახასიათებს და ეს რუსულ პოლიტიკურ ისტორიაშიც კარგად ჩანს.

"ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რუსულ პოლიტიკაში ეს ჩვეული მახასიათებელია. საშიშროება არის რეალური ნამდვილად და თუ ვიფიქრებთ, რა მიმართულებით შეიძლება იყოს რუსული აგრესია, ეს არის საქართველო, ბალტიის ქვეყნები და უკრაინა,"- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

დღის ამბები