ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართა გუნდის განცხადებით, ამჟამად ლაბორატორიებში მხოლოდ სარის ტიპის ვირუსებს სწავლობენ. ეს ის ჯგუფია, რომელიც ყველა სახის კორონავირუსს აერთიანებს.
მათი განმარტებით, სამეცნიერო სამუშაოები ყველა სხვა მიმართულებით შეჩერებულია.
"ვირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმდა, რომ ის ცხოველური წარმოშობისაა, თუმცა მისი გავრცელების ფორმა კვლავ დავის საგანია. ბუნებაში ვირუსების უამრავი სახეობა არსებობს, რომლის შესახებ ცნობები მეცნიერებს შესაძლოა ამ დრომდე არ გააჩნდეს, ჩვენ ორიენტირებული ვიყავით კონკრეტულად სარის ტიპის ვირუსების შესწავლაზე, ჩვენი გუნდი აღნიშნულ ვირუსულ სისტემას 2004 წლიდან ინტენსიურად სწავლობდა, მათ შორის ვირუსის ღამურიდან შესაძლო გადაცემას, თუმცა ღამურაში არსებული სარის ტიპის ვირუსი, ადამიანში არსებულთან მხოლოდ 80 პროცენტითაა მსგავსი, გვაქვს ასევე 96%-იანი მსგავსება, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად წარმოშობის გარემოებებზე საუბარი კვლავ არ შეგვიძლია," - განაცხადა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ვან იანმა.
ვუჰანის ლაბორატორიის გარშემო სკანდალი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ლაბორატორიიდან ჯერ კიდევ უცნობმა ვირუსმა გაჟონა.
ვირუსოლოგიის ცენტრის წარმომადგენლები პანდემიის ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელებას ამ დრომდე არ აღიარებენ და აქცენტს მის ცხოველურ წარმოშობაზე აკეთებენ.