29 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქცია ტყის კოდექსზე საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ტყის შესახებ კანონი უკვე გაასაჩივრა. მათი თქმით, ეს არის დისკრიმინაციული სიახლე, რომელიც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არასათანადო პირობებში აყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამხელა ტყის ფართობს მხოლოდ საპატრიარქო არ უნდა განკარგავდეს.

"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" იურისტის მაკო ღავთაძის თქმით, სახელმწიფოს ქონების კანონი უკვე გაასაჩივრა და ახლა ტყის კოდექსის პუნქტის გასაჩივრებასაც აპირებს.

"ის მუხლი სწორედ, სადაც შევიდა ეს ცვლილება სახელმწიფოს ქონების კანონის, უკვე გავასაჩივრეთ, რადგან სხვა რელიგიის წარმომადგენლებს სახელმწიფოსგან ქონების შეძენას უკრძალავს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს პუნქტიც გავასაჩივროთ,"- განაცხადა მაკო ღავთაძემ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე კი აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველასთვის თანასწორი გარემოს შექმნას უნდა ცდილობდეს, თუმცა ტყის კოდექსის დამტკიცებით კონკრეტული რელიგიის უპირატესობას ხაზი უკვე გაესვა, რაც, მისი თქმით, არასწორია.

"ჭარბი პრეფერენციები და პრივილეგიები, რომელიც საპატრიარქოს გადაეცემა, ეკლესიასთან სახელმწიფოს ინდენტიფიკაციას აღრმავებს და კიდევ უფრო მეტად გვაშორებს რელიგიურად ნეიტრალური სახელმწიფოსგან. რელიგიურად ნეიტრალური სახელმწიფო კი ყველასთვის თანასწორი გარემოს შექმნის იდეაზე დგას,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, ტყის კოდექსი საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით 22 მაისს დაამტკიცა და მონასტრების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყეები ეკლესიის საკუთრებაში გადავა.

დღის ამბები