29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"ნუ მაცინებთ...ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი ბარით" - ნიკა ბასილაშვილის მამა ბრალდებებზე

საქართველოს პირველი ჩოგანის, ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ყოფილი რძლის ნეკა დოროყაშვილის ბრალდებებს უარყოფს.

ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, ჩოგბურთელმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ ურთიერთშელაპარაკებაში ყოფილი მამამთილიც მონაწილეობდა და გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო.

"ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა... ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით. ეს ახლა პირველი შემთხვევაა, რომ ნაჯახით გავეკიდე," - განაცხადა ჩოგბურთელის მამამ ნოდარ ბასილაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მეზობლები ბასილაშვილის ოჯახს დადებითად ახასიათებენ. მათი შეფასებით, წყნარი ოჯახია და ხმაური არ გაუგიათ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ინციდენტის დღეს მათ სახლში მისული საპატრულო პოლიცია დაინახეს.

ბრალდების მხარემ დაადასტურა დღეს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ყოფილი რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

დღის ამბები