29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ომბუდსმენმა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების საქმის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა დაიწყო.

აღნიშნული განცხადება ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

ომბუდსმენი მედიას მოუწოდებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები.

"მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!" - წერს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

დღის ამბები