29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინი და პოლიტიკური მხარეების დაპირისპირება - ბუნდოვანია, ექნება თუ არა ოპოზიციის მხარდაჭერა ცვლილებებს

მთავარი თემა, რაზეც პარლამენტმა მომავალი კვირიდან უნდა იმსჯელოს - საკონსტიტუციო ცვლილებებია. მიუხედავად 8 მარტის შეთანხმებისა და საპატიმროდან ორი პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლებისა - ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ექნება თუ არა, ოპოზიციის მხარდაჭერა ცვლილებებს. იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ მიზეზი პროტესტისთვის არ არსებობს.

"ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში თეა წულუკიანმა თქვა, რომ პოლიტიკური ლიდერები თავისუფლები არიან და ახლა ყველა არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

ასე არ ფიქრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც მიაჩნიათ, რომ 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ ბოლომდე შესრულებული არ არის და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე საუბარი მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

არჩევნების ნორმალურად ჩატარებამდე, არასაპარლამენტო ოპოზიციაც ამბობს, რომ შეთანხმების ყველა ნაწილი ბოლომდე უნდა შესრულდეს, რის შემდეგაც, პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადავლენ. ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ მსჯელობენ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებაზე.

ოპოზიციის განცხადებები, მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური სპეკულაციაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გიორგი რურუა, ისევე როგორც გათავისუფლებული პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ვერ ისარგებლებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება - წლის მთავარი კენჭისყრა კი, ივლისის დასაწყისში უნდა შედგეს.მანამდე, სავარაუდოდ, საბოლოოდ გაირკვევა ექნება თუ არა, ახალი საარჩევნო სისტემის შემოღებას ოპოზიციის სრული მხარდაჭერა.

დღის ამბები