29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
სოფელი მუშევანი და გეტა ისევ მკაცრ რეჟიმში რჩება - რა ხდება ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე ეპიდზონაში

ბოლნისში, ადგილი, რომელიც 62 დღის განმავლობაში პოლიციის მიერ კონტროლდებოდა, 2 თვიანი კარანტინი გუშინ დასრულდა. თუ წითელ ზონად გამოცხადებულ მუნიციპალიტეტში ორი თვის განმავლობაში მხოლოდ დისტრიბუტორები და ექიმები შედიოდნენ, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია. მთავარ შესასვლელთან თერმოსკრინინგისთვის აღარც ბლოკპოსტი და აღარც ექიმი დგას. თბილისის მსგავსად, მთავრობის გადაწყვეტილებას ბოლნისშიც დადებითად აფასებენ.

ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ტაქსის მძღოლებიც, რომლებიც მუნიციპალიტეტის ჩაკეტვამდე ბოლნისი-მარნეული ან მარნეული-ბოლნისის მიმართულებით მგზავრებს სისტემატურად ემსახურებოდნენ. ახლა მათ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების იმედი აქვთ.

ბოლნისი გაიხსნა, თუმცა სოფელი მუშევანი და გეტა ისევ მკაცრ საკარანტინო პირობებში რჩება. იქ ახლა ყველაზე მძიმე ეპიდვითარებაა,  ორივე სოფელს აულ 72 ინფიცირებული ჰყავს. სიტუაციის გართულება მუშევანში ადგილობრივების გაუფრთხილებლობას უკავშირდება. ერთი თვის წინ სამართალდამცველებს, ეპიდემიოლოგებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების მიზეზი სწორედ რეგულაციებისა და რეკომენდაციების იგნორირება გახდა, როდესაც დაინფიცირებულები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდნენ ცხოვრებას და ექიმების მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ.

მინიმუმ 3 კვირა ორივე სოფელი ისევ მკაცრ საკარანტინო პირობებში იქნება. მოსახლეობა ექიმების მითითებებს უკვე ემორჩილება და PCR ტესტებს საჭიროების შესაბამისად იტარებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთ სოფელს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ აქვს. სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საჭირო პროდუქტით სოფლები ყოველდღიურად მარაგდება.

ეპიდემიოლოგები ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუშაობას განაგრძობენ, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ რჩება სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც დაინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და გამოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. დღის ბოლოს ბოლნისი 69 ტესტის პასუხს ელოდება.

დღის ამბები