29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ქვეყანა კომენდანტის საათის გარეშე - როგორ შეხვდა საზოგადოება 63 დღიანი მკაცრი შეზღუდვების მოხსნას

ბოლო ორი თვის მანძილზე პირველად საათის ისრების განლაგება მოქალაქეებს აკრძალვას აღარ ახსენებს. საღამოს 9 საათიდან ქუჩაში გადაადგილება ადამიანებს 3 000 ლარი აღარ დაუჯდებათ. 23 მაისი არის თარიღი, როცა ცხოვრების ყოველდღიურობა ახლიდან ძველ წესს უბრუნდება.

დილიდან ავტომობილებში მძღოლის გვერდით სავარძელზე მგზავრები კვლავ გამოჩნდნენ. მანქანით გადაადგილებისას სამკაციანი შეზღუდვა გაუქმდა, თუმცა ტაქსების შემთხვევაში აკრძალვა ძალაში დარჩა.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პარალელურად, დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული ცხოვრებაც დასრულდა. 53 დღიანი მკაცრი რეჟიმის შემდეგ ყველა სამხედრო ნაწილში კონტროლის ზომები და უსაფრთხოების წესები მაინც შენარჩუნდება.

63 დღიანი იზოლაციის შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უახლოეს მომავალში, შესაძლებელია კვლავ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით მიტინგს კვლავ ჩაატარებენ. საგანგებო მდგომარეობის მოხსნის პარალელურად, მოქალაქეებს პროტესტის ძველი მეთოდებით გამოხატვის საშუალება მიეცათ, თუმცა სოციალურ ღონისძიებებთან, ქორწილთან, იუბილესთან თუ ქელეხებთან დაკავშირებული შეკრებისას 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა კვლავ შეზღუდულია.

დღეიდან შეზღუდვები აღარ ეხება სასაფლაოებზე გასვლასაც. მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გარდა, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა 17 აპრილიდან 36 დღის განმავლობაში იყო აკრძალული.

დღეიდან მოქალაქეებს არსებული ჯარიმების გადასახდელად ფულადი სახსრების მოძიება მოუწევთ. საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული საურავის გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი უკვე დასრულებულია.

საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმებას გუშინ ღამე თბილისსა და რეგიონებში საყვირებითა და საზეიმო შეძახილებით შეხვდნენ. ზუსტად ღამის 12 საათზე, სხვადასხვა ქალაქში, ფოიერვერკიც გამოჩნდა. დედაქალაქის ქუჩებში კი ბაიკერებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, აკრძალვების ნაწილი კვლავ ძალაში დარჩა. ამ ეტაპზე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შენარჩუნდება. დღემდე დაკეტილი რჩება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, ისევე როგორც სავაჭრო ცენტრები. კვლავ აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაც. დახურულ საჯარო სივრცეებში კი სავალდებულოა პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

დღის ამბები