29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"დროებითი ღონისძიებები" - სადავო კანონპროექტი, რომლის მოწინააღმდეგე სრულიად ოპოზიციური სპექტრია, დამტკიცებულია

კიდევ ერთი სადავო კანონი დამტკიცებულია. ავტორიც და მხარდამჭერიც უმრავლესობაა, მოწინააღმდეგე კი სრულიად ოპოზიციური სპექტრი. პროექტის მიხედვით, 15 ივლისამდე ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდვები დააწესოს იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის. სამი ხმაურიანი მოსმენის შემდეგ, 81-მა ხმამ 0-ის წინააღმდეგ კანონი დაჩქარებულად აამოქმედა.   

ოპოზიცია მაინც კმაყოფილია იმით, რომ მათი და არასამთავრობო სექტორის, მათ შორის ომბუდსმენის მწვავე განცხადებებმა გარკვეული კომპრომისი გააჩინა და კანონს ზღვარი დაუწესა. სწორედ სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად შეცვლილ პირობებზე საუბრობდა დღეს მმართველი გუნდი, რომლებმაც კანონში ფორმულირებები და ფრაზები შეცვალა და მას "დროებითის" დეფინიცია დაურთო. დაურთეს ის დეტალიც, რომ შეზღუდვების დაწესების დროს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და კონსტიტუციით უნდა იხელმძღვანელოს. სწორედ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაა ოპოზიციისთვის მთავარი პრობლემა. 

თუ ოპოზიციის ერთი ნაწილი კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებობს უფრო სწრაფი მექანიზმიც, პრეზიდენტის ვეტო. რეაგირებისთვის სწორედ ამ გზას განიხილავენ ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატები” ,რომლებმაც გუშინ კანონპროექტის გამო სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი თქმით, კონკრეტული ლიმიტი არაფერს ცვლის და თუ კანონი არაკონსტიტუციურია, მას არსებობის უფლება არათუ 15 ივლისამდე, არამედ საერთოდ არ აქვს.

მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ოპონენტების იმაში დარწმუნება, რომ ამ კანონის მიღმა კონსპირაციები არ დგას. მათი თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღას არ გამორიცხავს, მსგავსი მოქნილი ინსტრუმენტები აუცილებელია. 

დღის ამბები