29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
79 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტში ტყის კანონის კენჭისყრა დასრულდა

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეკლესიას გადაეცემა ტაძრების ირგვლივ არსებული 20 ჰექტარი ტყის მასივი, პარლამენტმა დღეს განიხილა. საკითხი კენჭისყრაზეც დღესვე დადგა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართული ოცნება ცდილობს, რომ ამ ნაბიჯით წინასაარჩევნოდ საპატრიარქოს დამოკიდებულება სასიკეთოდ გამოიყენოს. ეს ბრალდებები გაუგებარია ხელისუფლებისთვის. 

ეს წუთია, რაც პარლამენტში საკითხზე კენჭისყრა დასრულდა. შედეგი არის ასეთი: 79 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. დღევანდელ განხილვას გერმანიის ელჩიც ესწრებოდა. ჰუბერტ ქნირშმა „კურიერს“ განუცხადა, რომ მისთვის მთავარ ინტერესს ეს საკითხი არ წარმოადგენს მაშინ, როდესაც გერმანია აქტიურად არის ჩართული ტყის კანონის რეფორმირებაში და ქვეყანას უკვე ექნება ნამდვილად ევროპული ტიპის კანონი. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ის საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

"წლებია, გერმანია საქართველოსთან ტყის რეფორმაზე მუშაობს. ჩვენ გადაგვყავს ეს თანამშრომლობა უფრო ხელშესახებ დონეზე. გერმანიაში ტყის სფეროში არსებული გამოცდილებით დავეხმარებით საქართველოს ტყის სააგენტოს, რომ მოახდინოს მდგრადი გამოყენება ამ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსის. ეკლესიის საკუთრების საკითხი არ არის ჩემი მთავარი ინტერესი. მე მქონდა ამ საკითხზე საუბარი ქალბატონ წილოსანთან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია აიღებს საკუთარ თავზე ტყის ფლობას, მაშინ მოუწევს ტყის კოდექსის დაცვა და იმ წესების შესრულება, რაც ეხება გარემოს დაცვას,“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ამ კანონით ხელისუფლება ცდილობს, რომ საპატრიარქო გაიხადოს პოლიტიკურ მეგობრად და სწორედ ამ დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქო მიიღებს 20 ჰექტრამდე მიწას ეკლესიების გარშემო, ხელისუფლება გამოიყენებს იმისათვის, რომ მოიპოვოს საპატრიარქოს კეთილგანწყობა, რაც მათი თქმით, შესაძლოა იმაშიც გამოიხატოს, რომ ამბიონიდან მოვისმინოთ მოწოდებები და კონკრეტულმა სასულიერო პირებმა თქვან, რომ დაუჭირონ მაგალითად მმართველ გუნდს. თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მაინც არ უშველის მმართველ გუნდს, რომელსაც რეიტინგი საკმაოდ დაბალი აქვს.მათი თქმით, მმართველი გუნდი არ უნდა იყენებდეს მსგავს გაურკვეველ და დისკრიმინაციულ კანონებს.

"ხელისუფლების მხრიდან ეს არ არის ზრუნვა ეკლესიის გაძლიერებაზე, ეს არის მათი მცდელობა საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს საპატრიარქო მოახლოებულ არჩევნებში და ასეთი მერკანტილური მიზეზით მიიღება ეს კანონპროექტი, რაც რა თქმა უნდა მათ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოუტანს ამომრჩევლის მხარდაჭერის არ არსებობის პირობებში," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა ირაკლი აბესაძემ.

თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი არ არის დისკრიმინაციული, ვრცელდება ყველაზე და პრობლემას არ წარმოადგენს.

"ეს ქვეყანა არის ყველასი და ყველას შეუძლია თანაბრად მიიღოს მონაწილეობა, შესაბამისად თუ კანონი არ უზღუდავს რაღაცა ჯგუფს და არ აძლევს პრივილეგიას და არის სამართლიანი მე ამ კანონში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები