29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
რა ბედი ელის საკონსტიტუციო ცვლილებებს - ენმ და "ევროპული საქართველო" პოზიციას არ თმობს "ოცნება" კი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები შედგება

დღეს ცნობილი გახადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არა ივლისში, არამედ ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. თუმცა, როგორ, ეს კითხვა ჯერ კიდევ ღიაა, რადგან 8 მარტს შეთანხმებული და თან ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ორ თვეზე მეტია თემის ირგვლივ სულ უფრო მეტ შეკითხვებს აჩენენ.

იმას, რომ მთავარ კანონში საარჩევნოდ ცვლილებები შეუფერხებლად უნდა შევიდეს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც გაუსვა ხაზი.

ღია და დემოკრატიული არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემაა საჭირო, რომლის ახალ ვერსიაზე ჯერ შეთანხმება შედგა და შემდეგ უთანხმოება დაიწყო. ორი მანდატების მქონე ოპოზიციური პარტია 120-30-ზე სისტემას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში უჭერს, თუ გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს. "ნაციონალური მოძრაობისთვის" და "ევროპული საქართველოსთვის" საკითხი პრინციპულია და დათმობებს არ ექვემდებარება.

მმართველი პარტია მაინც თავდაჯერებულად ამბობს, რომ პროექტს ოპონენტების ამ ნაწილის გარეშეც მიიღებენ და ცვლილებებს ბოლომდე მიიყვანენ. ამის საფუძველს მათ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ გამოთქმული თანხმობა და იმ დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა აძლევთ, რომლებიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირობებს არ აყენებენ.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე, პარლამენტმა საყოველთაო სახალხო განხილვები უნდა ჩანიშნოს, იმისთვის, რომ კანონი პარლამენტს დროულად დაუბრუნდეს.

"კურიერის" ინფორმაციით, პანდემიის გამო საჯარო განხილვები მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, ონლაინ რეჟიმში შედგება. თარიღები ჯერ უცნობია, თუმცა არაა გამორიცხული, ეს მომდევნო კვირასაც დაიწყოს. როგორც კი მოსახლეობის შენიშვნებს შესაბამის აქტში მოუყრიან თავს, საკანონმდებლო ორგანოს 10 დღე ექნება იმისთვის, რომ ვადაში საკომიტეტო მოსმენები დაიწყოს. თუ პროცესი ვერ შედგება, უმრავლესობამ წინასწარ იცის, ვინ იქნება ამაში დამნაშავე.

ოქტომბრის არჩევნებამდე 3 თვით ადრე ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეს, მანამდე კი სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია უნდა შედგეს, რომლის დროულად დაწყებასაც ქართული პოლიტიკის ყველა მოთამაშე ელოდება.

დღის ამბები