29 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
80 ხმა სამის წინააღმდეგ - საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას 6 დამოუკიდებელი დეპუტატის გარეშე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატის" წევრებმა დღის ბოლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების კენჭისყრებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

პროტესტი ერთჯერადი არ იქნება, დამოუკიდებელი დეპუტატები სხდომებს მანამდე არ დაესწრებიან, სანამ მთავრობის მიერ გადაგზავნილ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს.

6 დამოუკიდებელი დეპუტატის გარეშე, ცვლილებას შეზღუდვებზე, პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარეს. 80 ხმა- სამის წინააღმდეგ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თითქმის ხუთი საათის განმავლობაში კოლეგებს პასუხობდა. აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ანტიკონსტიტუციურობა, საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების შეზღუდვა - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე აქცენტს აკეთებდა. წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, ცდილობდა ოპონენტების დარწმუნებას, რომ შეზღუდვების ერთბაშად მოხნა თითოეული მოქალაქის რისკის ქვეშ დაყენების ტოლფასი იქნებოდა.

დარბაზში შეკითხვები დაისვა ავტომობილებით მგზავრობის შეზღუდვაზე და სასწავლო პროცესის განახლებაზეც.

რიგგარეშე განხილვაზე დღეს, ოპოზიციამ პრემიერის და პრეზიდენტის იმპიჩმენტი და სალომე ზურაბიშვილისგან კანონპროექტზე ვეტოც მოითხოვა.

ხმაურიანი და ხანგრძლივი განხილვის ბოლოს, მმართველი გუნდის წევრები კიდევ ერთხელ შეეცადნენ ოპონენტები დაერწმუნებინათ ცვლილების შეტანის აუცილებლობაზე, ირაკლი კობახიძემ 3 ვარიანტზე ისაუბრა.

სადავო კანონპროექტი საკარანტინო რეჟიმის ახლებურად განსაზღვრას გულისხმობს.  ეს ღონისძიებები ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთ სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის მოწესრიგებას, მათ შორის, შეზღუდვების დაწესებას მაშინ, როდესაც მოსახლეობის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგება, კანონპროექტის მიხდვით ყველა ეს შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამოქმედდება, რატომ არის აუცილებელი კანონში ამ ცვლილების შეტანა დღეს, მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"  კანონში შესატან ცვლილებას, საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ.

დღის ამბები