29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
პანდემია და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერი პარლამენტში მისასვლელად ​ოპოზიცია კი, მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება

27 მაისს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის წევრები კითხვებს, ძირითადად, ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დაუსვამენ, თუმცა განსხვავებული აქცენტებით. ოპოზიციაში აინტერესებთ, გეგმის პრეზენტაციის პარალელურად, რატომ ვერ იგრძნეს მოქალაქეებმა მთავრობის ზრუნვა, რატომ არ აისახა კორონავირუსის გამოწვევა საგადასახადო შეღავათებში და რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ბიუჯეტზე, რომლის პროექტიც პარლამენტში ამ დრომდე არ წარდგენილა.

ოპოზიციის კრიტიკის კიდევ ერთი ხაზი ის საპარლამენტო სესიებია, რომელზეც საგანგებო მდგომარეობის შემოღების და გახანგრძლივების საკითხი გადიოდა და პრემიერ-მინისტრი არ გამოცხადდა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში გახარიას მისვლა მომავალში გარკვეულ კითხვებს აღარ გააჩენდა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრემიერი პარლამენტში მივა და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. ანტიკრიზისული გეგმის ეფექტურობასთან დაკავშირებით უმრავლესობაში თავად შეკითხვები არ აქვთ, თუმცა აინტერესებთ, როგორი იქნება მთავრობის უფრო შორს მიმავალი გეგმა.

დღეს თავად პრემიერმაც თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ კითხვები მოქალაქეებსაც აქვთ. მთავრობის მეთაური კაბინეტის წევრებთან ერთად ბოლო ორ თვის ანგარიშს პარლამენტში საკუთარი სურვილით წარადგენს.

გიორგი გახარია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში სამჯერ მივა. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 27 მაისს საკუთარი სურვილით, 29 მაისს ინტერპელაციის წესით, ივნისში კი წლიური ანგარიშით წარსდგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები