29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
პარლამენტში "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა მწვავე კამათის ფონზე გრძელდება

პარლამენტში "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა მწვავე კამათის ფონზე გრძელდება. ინიციატივის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. წინადადებას პროტესტით შეხვდა ოპოზიცია. ცვლილებას კონსტიტუციური გადატრიალება უწოდეს ქართული ოცნების ოპონენტებმა.

განხილვა ოპოზიციის მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობს.

"ფუნდამენტი უნდა დავარღვიოთ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფების გადანაწილების და ფუნდამენტური პრობლემა უნდა შევქმნათ, თუ რა არის პარლამნეტის როლი ქვეყანაში და რა არის მთავრობის როლი და შემოვიღოთ საკამაოდ სახიფათო კანონი?!" - მიმართა მომხსენებელს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა კანონპროექტის მომხსენებელ დიმიტრი ხუნდაძეს.

"ეპიდემია არის პანდემიად ქცეული და სწორედ ამიტომ ვჩქარობთ. ვინც არ იჩქარა იმ ქვეყნებმა დააგვიანეს ისე, რომ ზოგიერთი მოქალაქისთვის ეს დაგვიანება სიცოცხლის ტოლფასი აღმოჩნდა, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

"ევროსაბჭომ 7 აპრილს მიიღო ძალიან გრძელი ჩამონათვალი რეკომენდაციების. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, სანამ ამ კანინპროექტს წარმოადგენდით, თუ გაიარეთ კონსულტაცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან," - ჰკითხა მომხსენებელს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

თავის მხრივ ხუნდაძემ უპასუხა, რომ კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან არ გაუვლია, რადგან საერთაშორისო მიმოსვლა შეჩერებულია.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე დაინტერესდა, თუ ვისი რეკომენდაციაა აღნიშნული კანონპროექტი.

"ექიმების, ეპიდემიოლოგების რეკომენაციების შემდგომ შეიმუშავეთ თუ, მთავრობის რეკომენდაციის," - მიმართა კობერიძემ ხუნდაძეს.

ხუნდაძემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები გაიმართა როგორც მთავრობასთან, ასევე საკოორდინაცოო საბჭოსთან.

"სწორედ იმიტომ რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არ არის საკმარისი რეგულაციები, სწორედ ამიტომ იყო საგანგებო მდგომარეობა საჭირო. ახლა რომ საგანგებო მდგომარეობა არ არის საჭირო და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არ არის საკმარისი რეგულაციები, სწორედ ამიტომ გვინდა, რომ არა საგანგებო რეჟიმის მდგომარეობით, არამედ კანონში გვქონდეს ეს რეგულაციები," - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"ხვალიდან სამართლებრივად შეიძლება იმპიჩმენტის გამოცხადება პრემიერისა და მთავრობისათვის, ასევე პრეზიდენტისათვის, როდესაც ის მოაწერს ხელს. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციით ეპიდემიის შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. თქვენ ეპიდემიისათვის აუცილებელ შეზღუდვებს ხვალიდან აწესებთ საგანგებო მდგომარეობის გარეშე," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისათვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს," - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს. ინიციატივის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. წინადადებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მათი შეფასებით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს.

ოპოზიცია შიშობს, რომ საარჩევნო წელს ეს კანონი ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, გარკვეული უფლებები თავის სასარგებლოდ შეზღუდოს.

დღის ამბები