30 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დაღუპულზე - "მორიგი მსხვერპლია იმ არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალში"

63 წლის  მამაკაცი ჯუმბერ მილაძე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის უფლებას, გარდაიცვალა.

დიდი ძალისხმევის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ჯუმბერ მილაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, თუმცა გზაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გარდაცვლილის ოჯახი არ საუბრობს დეტალებზე, თუმცა "კურიერი" გარდაცვლილის შვილს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ 5 დღის განმავლობაში ითხოვდნენ, მამაკაცს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ემკურნალა, თუმცა თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა.

"როგორც წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მითხრეს, ინსულტი ჰქონდა და სხვა მძიმე დაავადებებიც," - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, მამაკაცი კიდევ ერთი მსხვერპლია საოკუპაციო რეჟიმის.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი მამაკაცი ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და  რამდენიმე დღის განმავლობაში ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა. რეალურად დაგვიანდა და ცხადია ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. კიდევ ერთხელ, საუბედუროდ, ის არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად, არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში," - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები