29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ერთადერთი შეთანხმება, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია, პირდაპირი დიალოგის შედეგი იყო - პრეზიდენტი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა

არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე - 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, თუმცა, მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში, ის შედეგის მომტანი ვერ იქნება.

პრეზიდენტმა გაიხსენა ის შეთანხმება, რომელიც რუსეთთან იმ პერიოდში დაიდო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც რუსეთს არ დაურღვევია, სწორედ პირდაპირი დიალოგის შედეგი იყო. 

"მე პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ ყველა შემთხვევაში, იმიტომ, რომ ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს მხოლოდ - ერთია ომის გზა, მეორეა დიალოგის გზა. მე სხვა გზა არ ვიცი. ვინმემ თუ იცის მესამე გზა, უნდა გავიგო. ამიტომ, როგორც პრინციპი, მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე, მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასდროს ყოფილა გამოსავალი.

ერთი-ერთზე დიალოგის გამოცდილება მე გამაჩნია. სხვათა შორის, ჩვენს ისტორიაში ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთი გაყვა და არ დაარღვია მისი პირობები, არა მარტო ახლო ისტორიაში, რამდენიმე საუკუნით უკანაც რომ წავიდეთ, იყო შედეგი პირდაპირი დიალოგის. ეს დიალოგი იყო პირდაპირი, მაგრამ იცოდა ჩვენმა კოლეგამ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გაფრთხილებიდან, პირველივე სეანსიდან, რომ იცოდეთ, ჩვენს შორის რაც იქნება ნათქვამი და შეთანხმებული, ეცოდინება ევროკავშირის ელჩს, და ამერიკის ელჩს. იმიტომ, რომ მე ვთვლი, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, დიდ ქვეყანასთან ასეთ  მოლაპარაკებებში არ მაქვს იმის უფლება და ძალა, რომ მხოლოდ ჩვენს სიტყვაზე იყოს ეს ყველაფერი აგებული და მინდა, რომ ეს იყოს გამჭვირვალე. და ასეც მოხდა,"-განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს სოლიდარობის ნიშნად, კონფლიქტის შესუსტების ნაცვლად, რუსეთმა ბორდერიზაცია განაახლა, რაც პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ცუდი საფუძველია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამისთვის სიტუაცია ალტერნატიულ ფორმატებში მომზადდეს. 

"არ მითქვამს, რომ შესაძლებელია მივაღწიოთ რამე შეთანხმებას, მე ვთქვი ზოგადად, რომ პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ მერე მოდის ჩვენი დღევანდელი სიტუაცია და პირობები. ცხადი არის, რომ იმ დროს, როცა ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში, კოვიდს ვგულისხმობ, არანაირი დეესკალაცია, შესუსტება, პირდაპირ ბორდერიზაცია გააგრძელეს. გაეროს გენმდივანმა თქვა, რომ ყველგან, სადაც კონფლიქტებია და დაძაბულობა, ყველგან დავაწყნაროთ ამ პერიოდისთვის, რომ სოლიდარობამ შეძლოს და გადაწყვიტოს რაღაც საკითხები, ჩვენი შეთავაზებები, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული რეგიონებში, არ იქნა მიღებული, პირიქით - გამოიწვია მეტი დაძაბულობა. ეს ყველაფერი არ ქმნის დღეს ასეთი პირდაპირი დიალოგის საშუალებას.

სხვადასხვა ფორმატი არსებობს. ალბათ, დღეს რომ მომზადდეს სიტუაცია, საჭიროა, რომ სხვა ფორმატებში, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან, იყოს ეს საკითხი აწეული პოლიტიკურ დონეზე, ეს მე მიმაჩნია, რომ არის ამ სიტუაციის წინსვლის ერთ-ერთი საშუალება და იქ იყოს მიღებული ან მოფიქრებული ზოგი ძალიან კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს განცდას, რომ როცა ეს დრო დადგება, არ იქნება დიალოგი დიალოგისთვის და იქნება საქმისთვის და შედეგის მიღწევისთვის,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები