29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ქვეყნების ნაწილი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის - როგორ ხვდება მსოფლიო ზაფხულს

სასწავლო პროცესის განახლებიდან 1 კვირაში საფრანგეთში სკოლების ნაწილი ისევ დაიხურა. მიზეზი 70-ზე მეტი მოსწავლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. ქვეყნის მთვარობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესმა ისევ დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა .

აკრძალვები მოიხსნება იტალიაში , რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე წითელ ზონად გამოცხადდა. ქვეყანაში უკვე გაიხსნა მაღაზიები, ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები. იტალიის მსგავსად, ზომები შეამსუბუქა ესპანეთმაც, სადაც მუშაობა უკვე განაახლა ღია ტიპის რესტორნებმა და ბარებმა . მოგზაურებისთვის კი ესპანეთის საზღვრები კიდევ 5 კვირა არ გაიხსნება.

სახმელეთო საზღვარი გაიხსნა გერმანიასა და ავსტრიას შორის. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ქვეყნებს შორის გადაადგილება ნელი ტემპით, თუმცა სრულად აღდგება. ორივე ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობას.

პანდემიის მიუხედავად საბერძნეთი და ისრაელი საკუთარი მოქალაქეებისთვის სანაპიროებს ხსნის. თუმცა ზღვისპირა ტერიტორიებზე მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ.

ტურისტული ინფრასტრუქტურის გახსნის პარალელურად ისრაელმა რეგულაციები შეამსუბუქა რელიგიური დაწესებულებებისთვისაც . მთავრობის გადაწყვეტილებით, ალ-აქსას მეჩეთი მომლოცველებს მომავალი კვირიდან მიიღებს.

განსხვავებული ვითარებაა თურქეთში, სადაც ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კიდევ 15 დღით, გაახანგრძლივა.

ტურისტული ბიზნესი ნაწილობრივ აღადგინა ჩინეთმაც, თუმცა ქვეყანას მუდმივად უწევს შეერთებული შტატების მხრიდან ბრალდებების მოგერიება. დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ჩინეთს თანამზრახველობაში კიდევ ერთხელ დასდო ბრალი და ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. უხანში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მომხრეა ევროკავშირი, თუმცა გაერთიანება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტას, ამ ეტაპზე, არ აპირებს.

მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის, კორონავირუსის თითქმის 5 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 322 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ავტორი : ანა მურადაშვილი

დღის ამბები