29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
პრეზიდენტის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია გარეჯის ირგვლივ პროვოკაციებმა და არა, მისმა განცხადებებმა

სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, დავით კაკულიასთან ინტერვიუს დროს საქართველოსა და მეზობელ აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა და კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ გარეჯის მონასტერში გაკეთებული განცხადებაზე, რომელიც ქვეყნებს შორის გარკვეული დაძაბულობის მიზეზი გახდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამოწვეულ დაძაბულობაში პრეზიდენტის როლზე  წამყვანის შეფასებას სალომე ზურაბიშვილი არ დაეთანხმა და განაცხადა რომ მისი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა ქვეყნის საზღვრებზე ზრუნვა:

"არაფერმა არ გამოიწვია, მე ვიყავი ჩემს ფუნქციაში, როგორც პრეზიდენტი, მაგრამ მე არ გამომიწვევია არაფერი. როგორ ფიქრობთ, ქვეყნის პრეზიდენტი, მით უმეტეს საქართველოსი, რომელიც არის ისედაც საზღვრების კუთხით მძიმე სიტუაციაში, ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის უშუალოდ კონსტიტუციით პასუხისმგებელი ქვეყნის სუვერენობაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე, არ უნდა ზრუნავდეს საზღვარზე. ეს ზრუნვა მე დავიწყე, როცა ვიყავი სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩემს კოლეგასთან, რომელიც დღესაც საგარეო საქმეთა მინისტრია აზერბაიჯანის, ერთმანეთთან დავდეთ პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ მივსულიყავით საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რომელიც პრეზიდენტების მისაღები იქნებოდა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის დაძაბულობა, რომელიც 2 ქვეყანას შორის შეიქმნა პროვოკაციებმა გამოიწვია, რასაც ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი:

"ჩემი ჩასვლის შემდეგ არ დაიძაბა. რომ არიან პროვოკატორები ერთ მხარეს და მეორე მხარეს და ორივე მხრიდან იყო რაღაც პროვოკაციები ეს სხვა რამეა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას დადებითი გამოხმაურება ჰქონდა აზერბაიჯანელი კოლეგისგან.

"ჩვენ ვართ მეგობრული ქვეყნები, რომელთა შორისაც უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვარი, რომ ეს არ უნდა დადგინდეს რაღაცა ბრძოლით, პროვოკაციებით და ომით, ამაში ყველანი ვართ თანახმა," – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან იცის, თუ საიდან მოდის ბრალდება, რომ მან აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვას შეუწყო ხელი, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. ზურაბიშვილმა ასევე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში და ნატოში შესასვლელად ისწრაფვის, დადგენილი  საზღვრები უნდა ჰქონდეს:

"ვინც ამას მაბრალებს, ვიცი რატომ მაბრალებს, ვიცი საიდან მოდის, მე არ მაქვს მოსაზრებები, მე მაქვს მოვალეობები და ჩემი მოვალეობაა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრები, ეს უნდა მოხდეს დიპლომატიურად. თუ ჩვენი მიზანია ევროკავშირში და ნატოში შესვლა, უსაზღვროდ შევდივართ, როგორ გგონიათ? ერთი საკითხია კონფლიქტური სიტუაცია და ვიცით, რომ ეს არ შეგვიშლის, დანარჩენი საზღვრები?" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები