29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას პარლამენტის გარეშე გულისხმობს, დაპირისპირება მოჰყვა - ოპოზიცია ცვლილებას ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, წამყვანი ჯანდაცვის კომიტეტი იქნება - გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას პარლამენტის ჩარევის გარეშე გულისხმობს, ოპოზიცია იწუნებს, თემას ბიუროს სხდომაზე, მმართველ გუნდსა და ოპონენტ დეპუტატებს შორის კამათიც მოჰყვა. მთავრობის მიერ შეზღუდვების ბოროტად გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ბრალდებებზე პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ თავად გასცა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაწერაში დაადანაშაულა.

კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც, მარიამ ჯაშმა მმართველი გუნდის წევრებს გადაწყვეტილებების მიღებამდე, დეპუტატებთან ნაკლები კომუნიკაციის გამო უსაყვედურა.

ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს "ევროპული საქართველო" კანონში შესატან ცვლილებას და პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის შესუსტების საფრთხეებზე საუბრობს, მმართველი გუნდში კი საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგაც შეზღუდვების შენარჩუნების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.

შეზღუდვების შენარჩუნების აუცილებლობაზე და კანონპროექტის მნიშვნელობაზე დღეს მთავრობის მეთაურმაც ისაუბრა, გიორგი გახარია ამბობს, რომ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა ქვეყანას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილების მიხედვით, მთავრობას ექნება უფლებამოსილება, საპარლამენტო განხილვების გარეშე ქვეყანაში შეზღუდვები შეინარჩუნოს ან დააწესოს.

კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანომ 22 მაისამდე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე უნდა მოასწროს.

დღის ამბები