29 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა პოლიციის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და არ შეიწყალა დეკანოზი მამალაძე - პრეზიდენტი გარემოებებზე საუბრობს

რატომ შეიწყალა პოლიციის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი და არ შეიწყალა დეკანოზი მამალაძე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს პრეზიდენტს "ღამის კურიერის" ეთერში, დავით კაკულიასთან ინტერვიუს დროს მოუწია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის გარემოებებზე საუბარს საჯაროდ არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ ყველა საქმე პირადად შეისწავლა და პირადად არის პასუხისმგებელი:

"შეწყალება არ არის შედარებითი... ის შეიწყალე და ეს რატომ არა, იმიტომ რომ თითო შეწყალებას თან ახლავს მისი გარემოებები. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ ვთქვი, რომ მე არ ვთვლი, რომ მაქვს მორალური უფლება, თუნდაც დაღუპულის ოჯახის მიმართ, რომ ვილაპარაკო იმ გარემოებებზე, რის გამოც მივიღე ის გადაწყვეტილება. არსებობდა გარემოებები, რომელსაც საჯაროდ ვერ გეტყვით. პირადად შევისწავლე ყველა საქმე, პირადად ვარ პასუხისმგებელი ყველა საქმეზე. ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელიც არის უაღრესად სუბიექტური. ფაქტების ანალიზი და დასკვნა არის ჩემი და მხოლოდ ჩემი,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ შეიწყალა ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით სინოდის მიმართვაც არსებობდა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გარემოებები განაპირობებენ შეიწყალოს თუ არა კონკრეტულ საქმეზე მსჯავრდებული ადამიანი:

"მომართვით იცით რამდენი მომმართავს და რამდენს აქვს სხვადასხვა გარემოებები. ჩემი არის შეფასება, რამდენად ის გარემოებები არის ჩემთვის იმისი განმაპირობებელი, რომ მე შევიწყალო ეს კონკრეტული ადამიანი, ამ კონკრეტულ საქმეზე. არ არსებობს 2 იდენტური საქმე და სასწორი, სადაც ამბობ, რომ ეს უფრო და ის ნაკლებად. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი სიმძიმე ამ ფუნქციის," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები