29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ეს არ არის ემოციური და სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება - პრეზიდენტი

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიპატიმრებად წოდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეწყალება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ წამოსული კრიტიკა მისთვის გასაგებია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტობა არაპოპულარული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებასაც გულისხმობს.

"ეს არ არის ემოციური და სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

მართალი გითხრათ, სასიამოვნოს ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი. რაც ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, გასაგებია და ჩემთვის ძალიან გასაგებიც არის. ერთ ჩემს ახლობელს ვეუბნებოდი, რომ მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, ალბათ, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე. მეც, ალბათ, ნაწილობრივად ვერ გავიგებდი. პრეზიდენტის ადგილი ეს არ არის კომფორტი, ეს არის ასეთ პირობებში მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და არ ელოდოს, რომ რაღაც საზოგადოებრივი დაფასება ექნება ამ გადაწყვეტილებას. შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება არა - მთავარია, მე შინაგანად, ჩემი სინდისით, ჩავთვალე, რომ საჭირო იყო, კიდევ იქნებოდა გასაკეთებელი, მეორედაც ჩავთვლი.

აქედან, მე ვთვლი, რომ გავაკეთე ყველაფერი, რაც საჭირო იყო ამ ქვეყნის დაწყნარებისთვის, დეპოლარიზაციისთვის, ახლა სხვებზეა ამავე მიმართულებით გადადგან პასუხსაგები ნაბიჯები და დავინახავთ, ვინ არის ქვეყნისთვის, ვინ არის არეულობისთვის,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

დღის ამბები