29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს - პრემიერმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტს უკიდურესად მძიმე უწოდა

მსჯავრდებული პოლიტიკოსების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გიორგი გახარია უკიდურესად მძიმე უწოდა.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ფაქტის გამო მოქალაქეთა ნაწილის გაბრაზება, მისთვის გასაგებია. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა კრიმინალური დანაშაულებისთვის სასჯელს, პოლიტიკური მანტიის დახმარებით აარიდეს თავი.

"მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი, ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანი, რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს ამით რაღაცა შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე.

ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს. თუმცა, პრეზიდენტს შეწყალების სრული ლეგიტიმური უფლება აქვს და მისი სრული კომპეტენციაა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა ვინ როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, საქართველოს მოქალაქეები შეფასებას არჩევნებზე მისცემენ:

"პირველ რიგში ჩვენ მობილიზებული ვართ კოვიდის დასამარცხებლად, მეორე რიგში, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი, ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის. ქართველი ადამიანი არის ბრძენი, აგერ მოვა არჩევნები და ვნახავთ ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები