29 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეთანხმებები გადავადების გარეშე განხორციელდეს - ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი

ევროპარლამენტარები საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ.​

"სრულიად შესაძლებელია, დროულად მოხერხდეს კონსტიტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე," - აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საქართველოს შესახებ მოხსენების წარდგენისას გააკეთა.

სვენ მიქსერის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეწყალება გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებას.

"მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, არის კიდევ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა მოხერხდეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ პოლიტიკურ ძალებს უნდა მისცეს საშუალება, მეტად შესრულდეს მარტის ხელშეკრულების პირობები. მიუხედავად კორონავირუსის გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტიტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა, ევროკავშირი არ ეხმარება მხოლოდ კონკრეტულ პარტიას ან პოლიტიკოსს, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვთქვათ და ხაზი გავუსვათ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. იმედი მაქვს, ივლისში ჩვენ უკვე უფრო ნათლად გვეცოდინება, რამდენად შესრულდა 8 მარტის შეთანხმება. იმედი მაქვს, ასეც იქნება," - განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე მსჯელობს.

 

 

დღის ამბები