29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, ამისთვის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს - თინა ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივნის თინა ბოკუჩავას განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკურ დევნას უკავშირდება.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველმა გუნდმა გიორგი რურუა პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს და მისივე თქმით, ამისთვის მრავალი გზა არსებობს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე შესრულდეს შეთანხმების ეს ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტიკური დევნის შეჩერებას. ეს გულისხმობს იმას, რომ მოხდეს გიორგი რურუას გათავისუფლება. ამისთვის არსებობს ბევრი სხვადასხვა გზა, რომელსაც შეუძლია, რომ ხელისუფლებამ მიმართოს. ამის შემდეგ ბუნებრივია ჩვენ შევძლებთ, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.

დღის ამბები