30 ნოემბერი 2024,   01:00
ვრცლად
საკარანტინო რეჟიმის მოხსნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში საპრევენციო ღონისძიებების ჩატარება მკაცრად გაგრძელება - მარნეულის მერი

მარნეული ვირუსის 56 დღიანი ტყვეობისგან გათავისუფლდა. მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან უკვე აღარ მოქმედებს. შესაბამისად, ადგილობრივებსაც უკვე აქვთ უფლება, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ წესს ისე, როგორც ეს 23 მარტამდე ხდებოდა, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების ტემპი მუნიციპალიტეტში უკონტროლო გახდებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, საკარანტინო რეჟიმის მოხსნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში საპრევენციო ღონისძიებების ჩატარება მკაცრად გაგრძელდება, საჭიროების შემთხვევაში კი სოფლებში თერმოსკრინინგის პროცესი გაგრძელდება. თავშეყრის ადგილებში დისტანციის დაცვის პროცედურები გაკონტროლდება.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის მარნეულელებისთვის. ამასთან ერთად, მარნეულში გაგრძელდება ის საპრევენციო ღონისძიებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საჭიროების შემთხვევაში სოფლებში გაგრძელდება თერმოსკრინინგის პროცესი, რაშიც ჩართული იქნება ადგილზე სოფლის ექიმი. გაგრძელდება საინფორმაციო კამპანია. თავშეყრის ადგილებში, მუნიციპალიტეტის ჩართულობით, გაგრძელდება დისტანციის დაცვის პროცედურები," - განაცხადა  ზაურ დარგალმა.

ადგილობრივი მოსახლეობა მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მოხსნით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ საკუთარ სამუშაო ადგილებს მალე დაუბრუნდება.

"მიხარია, რომ გაიხსნა. ყველა სახლში ვიყავით, ვიცავდით კარანტინის ზომებს. ახლა დავუბრუნდებით ძველ სამუშაოებს, თბილისში ვმუშაობდი მე. ან ტრანსპორტი აღდგება, ან ჩემით მანქანით წავალ და ვიმუშავებ. დადებითია ყველაფერი, არაფერი საგანგაშო არ არის," – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები