29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ლგბტ+ და ქვიარ თემის მხარდამჭერი აქცია ონლაინ ჩატარდა - წელს პირველად, გამომსვლელებს ხელისუფლების წარმომადგენელი შეუერთდა

"თბილისი პრაიდმა" დემონსტრაცია დღეს ონლაინ ჩაატარა. ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან, ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კორონავირუსის გამო ასე აღინიშნება. შესაბამისად, ეს პირველი 17 მაისია, როდესაც ლგბტ+ თემმა ზუსტად იცის, აქციაზე ვერავინ მოახერხებს მათზე ფიზიკურ ძალადობას.

წელს კონფერენციას 15-ზე მეტი გამომსვლელი ჰყავს, მათ შორის პირველად ხელისუფლების წარმოდგენელი იმ პროგრამებს წარადგენს, რომელზეც მთავრობა ლგბტ+ თემის დასაცავად მუშაობს.

გამომსვლელებს შორის არიან პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, აქტივისტები და თემის წევრები. აქციაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პერიოდში გამოკვეთილ ახალ პრობლემებს, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. გასული წლის მსგავსად, ღონისძიების ორგანიზატორი "თბილისი პრაიდია."

იმის გამო, რომ თემის წევრები და აქტივისტები წელს მსვლელობას ვერ მართავენ და ონლაინსივრცეში იკრიბებიან, თბილისი პრაიდის გადაწყვეტილებით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქალაქეებმა საკუთარი სახლებიდან ლგბტ+ თემის მთავარი სიმბოლო, ცისარტყელის დროშები გადმოკიდეს. ამ ფორმით მათ თემის წევრების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს. აქტივისტები ამბობენ, რომ აუცილებელია, ქვეყანაში შეკრების თავისუფლება - ნებადართული, ლგბტ თემის უსაფრთხოება კი  დაცული იყოს.

ორგანიზატორებმა დედაქალაქის მერიასაც მიმართეს წერილობით და 17 მაისს სატელევიზიო ანძის ლგბტ თემის სიმბოლოს ფერებში განათება ითხოვეს. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ თვითმმართველმა "თბილისი პრაიდს" უარით უპასუხა და განმარტა, რომ თურქმენეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ანძა მეგობარი ქვეყნის დროშის ფერებში განათდება. თბილისის მერიისგან უარის წერილი საზოგადოების იმ ჯგუფსაც მიუვიდა, ვინც ანძის განათებას საქართველოს დროშის ფერებში ითხოვდა.

ონლაინაქციას საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად სახალხო დამცველის შეუერთდა. მანამდე კი აპარატმა წერილობითი განცხადება გაავრცელა. ადამიანის უფლებების დამცველი ამბობს, რომ კორონავირუსის პირობებში უფრო თვალსაჩინო გახდა თემში არსებული პრობლემები, მათ შორის  დასაქმების შესაძლებლობების არარსებობის, გაზრდილი ძალადობის რისკები, საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფა. მისი თქმით, ლგბტ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები ანტიკრიზისულ ეკონიმიკურ გეგმაში გათვალისწინებული არაა.

სახალხო დამცველის გარდა, ლგბტ თემის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. განცხადების ავტორები მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მხრიდან კორონავირუსის დროს ლგბტ თემისთვის გაწეულ დახმარებას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ლგბტ თემის ხმა და დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე მოეკიდოს მისი საჭიროებების მოგვარებას.

წლევანდელი ონლაინ აქცია-კონფერენცია, სადაც ყველა მსურველს გამოსვლისა და მსჯელობის შესაძლებლობა ექნება, 2013 წელს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება. 2012 წლიდან დღემდე ლგბტ+ თემმა, 17 მაისის მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 4-ჯერ მიმართა. 2012 წლის სარჩელი მათი გამარჯვებით დასრულდა, სტრასბურგის სასამართლო დანარჩენ სარჩელებს ამ დრომდე განიხილავს.

დღის ამბები